შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის დასახელება აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, იქ უფრო მძიმე ტერმინოლოგიაა, ვიდრე ჩვენთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივის დასახელება ევროკავშირის დირექტივის პროექტიდანაა აღებული.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ევროკომისიის მიერ ინიცირებულ პროექტში კიდევ უფრო მძიმე ტერმინოლოგიაზეა საუბარი.
„ეს დასახელება აღებულია ევროკავშირის დირექტივის პროექტიდან, რომელიც ევროკომისიის მიერ არის ინიცირებული. ზუსტად ამ ტერმინოლოგიას იყენებს. იქ საერთოდ კიდევ უფრო მძიმე ტერმინია, უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების გამჭვირვალობაზეა საუბარი. დირექტივა ეხება უცხო ქვეყნების ინტერესების წარმომადგენლების გამჭვირვალობას, უფრო მძიმე ტერმინოლოგიაა, ვიდრე ჩვენთან, სადაც საუბარია უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დირექტივა, წევრი ქვეყნების გარდა, ყველას ეხება.
„რაც შეეხება, ვის ეხება ევროკავშირის დირექტივა – ყველას. სხვათა შორის, საქართველოსაც ეხება ეს დირექტივა. თუკი საქართველოს სახელმწიფო ევროკავშირში დააფინანსებს იმას, რასაც სხვადასხვა ფონდი საქართველოში აფინანსებს, საქართველოც, ამის დამფინანსებელიც მოხვდება ზუსტად ამ დირექტივის ქვეშ. ის ეხება ყველას, ევროკავშირის წევრების გარდა, ვინაიდან ევროკავშირის წევრობა განიხილება ერთ შიდა სივრცედ. ამერიკასაც ეხება და ამერიკული ორგანიზაცია ევროკავშირში რომ დააფინანსებს, ისიც დაადეკლარირებს, ეხება რუსეთსაც, ჩინეთსაც და საქართველოსაც – ყველას. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეხება ყველას, საქართველოს მიღმა. თავისთავად, ეს არის ამ კანონპროექტის ლოგიკა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნება“ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ხელახლა წარადგენს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კანონპროექტი პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – კანონპროექტში ტერმინი „უცხოური აგენტი“ შეიცვლება და წარდგენილი იქნება შემდეგი ვარიანტი: „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.