შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია, მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია ერთ გუნდად დამარცხდება თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის მხოლოდ არითმეტიკაა
„ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია. მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია ერთ გუნდად დამარცხდება თუ ცალ-ცალკე, ეს ჩვენთვის მხოლოდ არითმეტიკაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა ტიპის გაერთიანებებს ელოდებიან წინასაარჩევნოდ.
„ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, რასაც ვხედავთ, ამას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს, საერთო ჯამში, არის რაღაც პოზიციური გადაჯგუფებები. სინამდვილეში, ეს არის ერთი ჯგუფი, ანტიქართული ფრონტი, რომელიც, უკვე დიდი ხანია, იშლება ნელ-ნელა. დღეს ამას დაემატა, მათ შორის, ანტიეკლესიური ტონები და, საბოლოო ჯამში, ვინ რომელ ფლანგზე იქნება, რამდენ ჯგუფად გამოვა, მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის ერთი პოზიცია და ერთი ფილოსოფია. რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს – ქართულ სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, ქართულ ეკლესიას, თარიღებს; ყველაფერს, რაც კი დაკავშირებულია ჩვენს ტრადიციასთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, ქართულ დემოკრატიასთან. ამ ყველაფერს ებრძვის ოპოზიცია.
„ქართული ოცნების“ გამარჯვება გარდაუვალია. ეს უკვე ოპოზიციის არჩევანია, მათ უნდათ, დამარცხდნენ ერთიანად თუ ცალ-ცალკე. ამას მნიშვნელობა არა აქვს, ეს მხოლოდ არითმეტიკაა ჩვენთვის. „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ეს უკვე ოპოზიციის არჩევანია, ერთ გუნდად უნდათ, რომ დამარცხდნენ თუ სხვადასხვა ჯგუფად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.