შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ არის კეთილსინდისიერი, როგორც საზოგადოების, ასევე პარტნიორების წინაშე, ჩვენი სურვილია, შეთანხმების პროცესში ყველა პარტია ჩაერთოს
19 აპრილის შეთანხებას ჰქვია – „ევროპული გზა საქართველოსთვის“. ეს შეთანხება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასში მონაწილეობა ნიშნავს დეპოლარიზაციასა და თანამშრომლობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა პარტიას მივცეთ შესაძლებლობა შეთანხმებას შეუერთდეს და დეპოლარიზაციის გზაზე დადგეს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს დრო, მოიფიქროს და ამ შეთანხმებას შეუერთდეს.
„19 აპრილის შეთანხმება არის ერთი დოკუმენტი, მისი ყველა პუნქტით ერთად და არა – ცალ-ცალკე. ამიტომ, მნიშვნელოვანია, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდეს დრო, მოიფიქროს და ამ შეთანხმებას შეუერთდეს, მათ შორის ამნისტიის კანონპროექტის ჩათვლით. ეს არის მათთვის შანსი შეთანხმების მნიშვნელობა გაიაზრონ. ჩვენ მათ ვაძლევთ შანსს იყვნენ დემოკრატიის ნაწილი და არა – გარიყული და მარგინალიზებული პარტია. „ქართული ოცნება“ არის კეთილსინდისიერი, როგორც საზოგადოების, ასევე პარტნიორების წინაშე და საბოლოო ჯამში, მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებას სრულად და სიტყვა-სიტყვით შეასრულებს. ჩვენი სურვილია, შეთანხმების პროცესში ყველა პარტია ჩაერთოს, რადგან ეს კეთდება არა ჩვენთვის, არამედ პარტიებს შორის დეპოლარიზაციისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერ „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, ვინც შეთანხმებას სრულად ასრულებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.