შალვა პაპუაშვილი - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენი ღირებულებებით, კეთილდღეობით, ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობით და უსაფრთხოებით ვივლით წინ, ევროპისკენ, „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ეს შეუძლია
2022 წლის ივნისში უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე, რადგან არ დავთმეთ ჩვენი ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესები. საბოლოო ჯამში, დავარწმუნეთ ევროკავშირი, რომ ამ მოთხოვნების გარეშეც ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, ევროპისკენ. ზუსტად ასე წავიყვანთ წინ ევროპისკენ საქართველოს ისე, რომ არ დავთმობთ ჩვენს ღირებულებებს, არ დავთმობთ ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, არ დავთმობთ ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ერთ ფლანგი არის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირში წინსვლის სანაცვლოდ დათმობს ეროვნულ ღირებულებებს, მეორე ფლანგი კი არის „ქართული ოცნება“, რომელიც ამომრჩეველს საქართველოს ინტერესების დაცვით სთავაზობს ევროკავშირისკენ სვლას.
„12 წელი რა პერსპექტივებიც ჰქონდათ, ახლა რატომ უნდა მომატებოდათ? პირიქით, ყოველ ჯერზე აჩვენებენ ერთ რამეს; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აჩვენებენ, რომ ამ ქვეყანაში არის ერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს უნარი, საქართველოს ინტერესების დათმობის გარეშე იმოძრაოს ევროკავშირისკენ, აქვს უნარი, საქართველოს ინტერესების დათმობის გარეშე გააძლიეროს საქართველოს ეკონომიკა და გააძლიეროს საქართველოს ინსტიტუტები. ყველა სხვა პარტიის გზა ევროპაში მიდის ჩვენი ღირებულებების გადაშლით და უარყოფით, მიდის ჩვენი ეკონომიკური ინტერესების დათმობით, რადგან სანქციების შემოღებას ითხოვენ, მიდის ჩვენი უსაფრთხოების ინტერესების დათმობით, რადგან რუსეთთან ესკალაციისთვის მზად არიან, ოღონდ ევროპაში მიიღონ. ამიტომ, სინამდვილეში არის ორი ფლანგი – ერთი ფლანგი ამბობს, რომ ოღონდ ევროკავშირში რაღაც წინსვლა გვქონდეს და ვთმობთ ჩვენს ღირებულებებს, ვრისკავთ ჩვენს ეკონომიკას და ვრისკავთ ჩვენს უსაფრთხოებას და არის „ქართული ოცნება,“ რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ჩვენი ღირებულებებით, ჩვენო კეთილდღეობით, ეკონომიკური წინსვლით, ჩვენი მშვიდობით და უსაფრთხოებით, ვივლით წინ, ევროპისკენ. „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ ეს შეუძლია. ჩვენ 2022 წლის ივნისში უარი გვითხრეს კანდიდატის სტატუსზე, ზუსტად იმიტომ, რომ არ დავთმეთ ჩვენი ეკონომიკური ინტერესები და უსაფრთხოების ინტერესები. და რას ითხოვდნენ სინამდვილეში ჩვენგან კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ზუსტად ეს საუბრები მიდიოდა მაშინ გამალებით ყველა კაბინეტში, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და რადგან არ დავუწესეთ, იმიტომაც ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, დავარწმუნეთ ევროკავშირი, რომ ამ მოთხოვნების გარეშეც ქართველი ხალხი და ჩვენი ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, ევროპისკენ. ზუსტად ასე წავიყვანთ წინ ევროპისკენ საქართველოს ისე, რომ არ დავთმობთ ჩვენს ღირებულებებს, არ დავთმობთ ჩვენს ეკონომიკურ ინტერესებს, არ დავთმობთ ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვას სალომე ზურაბიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე საკუთარი კანდიდატურის შესაძლო დასახელების საკითხზეც.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის დაყენებას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, უფრო კარგად დაინახავს საზოგადოება სინამდვილეში ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ რა ფორმა აქვს და აქ ზედმეტად ნაცრის შეყრა აღარ გამოვა თვალებში ჩვენი საზოგადოებისთვის. ამიტომ, უფრო კარგი, თუ დაასახელებს თავის თავს კანდიდატად. მგონი, საზოგადოებას საბოლოო ჯამში უფრო გაუადვილდება მთლიანად ამ პროცესის შეფასება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.