შალვა პაპუაშვილი - ქართულ-უკრაინული ურთიერთობები სტრატეგიულია და ასეც უნდა იყოს, ესაა საქართველოს მთავრობის პოზიცია, პოლიტიკური კამათის მიუხედავად, მხარს ვუჭერდით უკრაინას საგარეო აგრესიის ყველა შემთხვევაში
ქართულ-უკრაინული ურთიერთობები სტრატეგიულია და ასეც უნდა იყოს. ესაა საქართველოს მთავრობის პოზიცია, პოლიტიკური კამათის მიუხედავად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ მასალაში აღნიშნავს.
„ჩვენ მხარს ვუჭერდით უკრაინას საგარეო აგრესიის ყველა შემთხვევაში, განსაკუთრებით 2014 და, მით უმეტეს, 2022 წლის თებერვლის შემდეგ. და მაინც, მოწმენი გავხდით უკრაინული მხარის მიერ სტრატეგიული საკითხების პოლიტიკურთან განზრახ და მიზანმიმართულად აღრევისა. პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვის მაღალი დონის ოფიციალური პირების სააკაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ რადიკალურ ქართულ ოპოზიციასთან პირადმა კავშირებმა კიდევ უფრო გააუარესა პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.
ამასთან, პაპუაშვილის განცხადებით, „განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის მომხრეთა ქმედებები ძალიან წააგავს რუსეთის საყვარელ ტაქტიკას, რომელიც ქართული საზოგადოების დაყოფასა და დაზიანებას ითვალისწინებს“.
„ეს ტვირთი კიდევ უფრო ამძიმებს სირთულეებს, რომლებიც რუსული ოკუპაციითა და გამუდმებული პოლიტიკური და სამხედრო წნეხითაა განპირობებული. ჩვენ და უკრაინელ ხალხს საერთო მიზანი გვაქვს. ჩვენ, როგორც არასდროს, დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ წინსვლა გვაერთიანებს. ეს ჩვენი საერთო ინტერესების სტრატეგიული ღერძია. ნებისმიერი პოლიტიკური ჩარევა, რომელიც ამ სტრატეგიულ ღერძს ასუსტებს, მიუღებელი, უღირსი და, უბრალოდ, არასწორია. ჩვენ ერთმანეთის დახმარებაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და არა – დაუძლურებაზე“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.