შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებას თუ რაიმე ახსოვს დავით ხიდაშელისგან, ეს არის ქართული საქმის კეთება, მცდელობაა, რაღაცნაირად მოხდეს მისი დისკრედიტირება
ხიდაშელი არის ამ ქვეყნის პარტნიორი. მცდელობაა, რაღაცნაირად მოხდეს მისი დისკრედიტირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ხიდაშელმა დიდი როლი შეასრულა, მათ შორის, იმაში, რომ გარეჯთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რუკები ყოფილიყო მოპოვებული.
„დავით ხიდაშელი გახლავთ ქართველი ადამიანი, რომელმაც, მათ შორის, დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ გარეჯთან დაკავშირებით მოპოვებული ყოფილიყო რუკები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, საჯარო სივრცეში ქართულ საზოგადოებას თუ რაიმე ახსოვს ხიდაშელისგან, ეს არის ქართული საქმის კეთება. არ ვიცი, მას არაქართული საქმე რომელი გაუკეთებია. თქვენგანაც კი არ მსმენია ამის შესახებ, გარდა ერთისა, ამბობთ, რომ მეგობრობს ვიღაც რუს ბიზნესმენთან, რომელთანაც მეგობრობს ამერიკის პრეზიდენტის შვილი. ამერიკის პრეზიდენტს თუ აბრალებთ, რომ პრორუსია, კი ბატონო, შეგიძლიათ, ამ გზას მიჰყვეთ. ხიდაშელი გახლავთ ქართველი ადამიანი და მისი ყველა ქმედებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის პატრიოტი. მისი საჯარო აქტივობიდან გამომდინარე, ვხედავთ, რომ მცდელობაა, რაღაცნაირად მოხდეს მისი დისკრედიტირება. რაც შეეხება საკითხს, რომ ხიდაშელი მრჩევლად იყო თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის მინისტრის გადასაწყვეტი საკითხია, ვინ იქნება მისი მრჩეველი. ამაში არც ადრე ჩავერეოდი, არც შეიძლება, რამე ინფორმაცია მქონდეს და არც უნდა ვერეოდე. ამიტომ, მისი გადასაწყვეტია და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა განმარტა კიდეც თავისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დავით ხიდაშელთან დაკავშირებით განცხადება 15 მარტს გაავრცელა.
„2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე დავით ხიდაშელი მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.