შალვა პაპუაშვილი - საზოგადოებას გამომუშავებული აქვს ანტისხეულები რუსულ რბილ ძალაზე, ამიტომ არის, რომ არასამთავრობოები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ თითქოსდა დეზინფორმაციის წინააღმდეგ, ებრძვიან ქარის წისქვილებს
რუსული რბილი ძალა ქართული საზოგადოებისთვის ახალი არ არის და ქართულ საზოგადოებას გამომუშავებული აქვს ძალიან მყარი ანტისხეულები რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ, თუ დააკვირდებით, რაიმე განსაკუთრებული კამპანია, ყალბი ნარატივი რუსეთიდან მომდინარე რომ გამჯდარიყოს ქართულ საზოგადოებაში, ასეთი რამ არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ თუ მილიონების იღებენ, თითქოს ამხილონ დეზინფორმაცია, სინამდვილეში, ებრძვიან ხშირად ქარის წისქვილებს“.
„მაშინ როდესაც მთავარ პრობლემას წარმოშობენ თვითონვე ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ზუსტადაც ჰიბრიდული მეთოდებით ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს, როდესაც დეზინფორმაციას ავრცელებენ საქართველოს წინააღმდეგ. დავუფიქრდეთ, საიდან მოდიოდა დეზინფორმაცია სანქციებისთვის გვერდის ავლის შესახებ, ეს რუსეთმა გაავრცელა? თუ ის ძალები არიან, რომლებიც თავის თავს პროევროპელებს და ლიბერელებს ეძახიან? საიდან მოდიოდა, ვისი დეზინფორმაციული კამპანია იყო სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით? შემთხვევით ეს ხომ არ იყო დასავლურ მედიაში, შემთხვევით ეს ხომ არ იყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში, შემთხვევით ეს ხომ არ იყო ჩვენი შიდა ე.წ. პროევროპელი პოლიტიკოსების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების და, მათ შორის, ყოფილი სახალხო დამცველის მხრიდან? როდესაც ამხელა დეზინფორმაციული კამპანიები წარმოებს საქართველოს წინააღმდეგ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მილიონებს იღებენ ზუსტად იმიტომ, რომ გამოავლინონ და ებრძოლონ დეზინფორმაციას, ჩუმდებიან, ხმას არ იღებენ საერთოდ. ახლა, რამდენიმე დღის წინ, შაბათი იყო თუ არ ვცდები, როდესაც რუსეთში იყო ასეთი მდგომარეობა და გავრცელდა სოცქსელში ინფორმაცია, თითქოს მოაწყდა ხალხი ლარსის საბაჟოს, გახსოვთ, ალბათ გუგლმეპის რუკა რომ გავრცელდა, წითელი ხაზი თითქოს იქ იყო საცობი, რაც იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. ყოველდღეა იქ მჭიდრო მდგომარეობა, რადგან საზღვრის მისასვლელი ადგილია. საუბარი იყო რამდენიმე მეტრზე. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მილიონებს იღებს ამაში, ზუსტად ამაში იღებენ, რომ, როდესაც პანიკის აწევა ხდება, ამხილონ დეზინფორნაცია, გაჩუმდა ყველა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არიან მონაწილენი ამ ჰიბრიდული მეთოდების საქართველოს წინააღმდეგ, ხმას არ იღებენ, ჩუმდებიან და ამით ლეგიტიმაციას აძლევენ ამ ტყუილს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში რუსეთთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა: „არ მგონია, რუსეთს ჰქონდეს ან რესურსი, ან სურვილი, ახალი ფრონტი გამოსცადოს დასავლეთის წინააღმდეგ საქართველოში, რაც შეიძლება, მოხდეს, არის ის, რომ რუსეთი ცდის „რბილი ძალის“ ფრონტს“.