შალვა პაპუაშვილი - „ქართულ ოცნებას“ ნიკა მელიას საკითხზე როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, ამას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მნიშვნელობა არ ექნებოდა, მათი მიზანი დესტრუქციაა
ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან არ იყო ნაკარნახები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მე მგონი, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც დღეს განიხილებოდა, სამართლებრივად, არავის არ აქვს კითხვის ნიშანი. თავად ნიკა მელია, ჩვენი ოპონენტები, ჩვენ, პროკურატურა და საერთოდ ყველა ვთანხმდებით, რომ ის, რასაც ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებოდით, არის კანონდარღვევა. მან პირველ ნოემბერს მიტინგზე მოისროლა და ქართულ მართლმსაჯულებას პირდაპირ სახეში ესროლა სამაჯური, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით ჰქონდა ხელზე. აქ სახელმწიფოს პასუხი შეიძლება, მხოლოდ ერთი ჰქონდეს – ის გადაწყვეტილება, რაც ჩვენ დღეს მივიღეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა დებატებში მონაწილე „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას შეკითხვას უპასუხა, ნიკა მელიასთან დაკავშირებით რატომ იღებს „ქართული ოცნება“ ისეთ გადაწყვეტილებას, რითაც მიხეილ სააკაშვილის თამაშს თამაშობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დაბრუნდეს.
იაგო ხვიჩიას შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილი იყო ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილების მიღება იმ მოცემულობაში, როდესაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები მიდის და ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ჩაშალოს, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო, ამას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა, რადგან მათი მიზანი დესტრუქციაა.
დებატებში მონაწილე „ლელოს“ წევრის“, ანა ნაცვლიშვილის განცხადებაზე, რომ არჩევნები დაშინების, მოსყიდვის და გაყალბების პირობებში ჩატარდა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, რაც მათ შორის, NDI-ის ბოლო კვლევამ და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებმაც დაადასტურა.
„გაყალბებასთან დაკავშირებით თქვენი არგუმენტაცია არის ნული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, რადგან ოპოზიციამ თავის დროზე ხელი არ ასწია, „ქართულმა ოცნებამ“ ბარიერი საკუთარი სურვილით და ხმებით დაწია, რამაც ახალბედა პარტიებს პარლამენტში შესვლის შანსი მისცა, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს და პარლამენტში შესვლის ნაცვლად დიდ პარტიებში აირივნენ.
„ბარიერის დაწევის მიზანი ის იყო, რომ გაძლიერებულიყო ახალბედა პარტიები, რომლებსაც იმდენი მხარდამჭერი არ ჰყავთ; გაძლიერებულიყვნენ, რათა პარლამენტში შემოსულიყვნენ და საკუთარი, თუ სხვა ამომრჩევლებისთვის საკუთარი შესაძლებლობები ეჩვენებინათ; მისცემოდათ შანსი, რომ შემდეგ არჩევნებზე უფრო ძლიერად წარმოდგენილიყვნენ, მაგრამ ამის შედეგად რა მივიღეთ?! – არაფერი, ნული. ამ პატარა პარტიების ამომრჩეველმა მიიღო ტრიბუნა და შესაძლებლობა, რომ მათმა წარმომადგენელმა მათი ინტერესები პარლამენტში წარმოადგინოს, მაგრამ პარტიები, ნაცვლად იმისა, ინდივიდუალიზმი ეჩვენებინათ, პარლამენტში შესულიყვნენ და თავიანთი ამომრჩევლები წარმოედგინათ, დიდ პარტიებთან აითქვიფნენ და საბოლოო ჯამში, ამით თავიანთი სახე დაკარგეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციური პარტიები საზეიმოდ ემზადებოდნენ, მაგრამ პირველ ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ღამის სამ საათზე თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ყველამ იმავე ღამეს თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა.
„სწორედ ეს იყო მთავარი უმწიფრობა, რომ შედეგებს არც კი დაელოდნენ, ისე თქვეს, გაყალბებული იყოო. შემდეგ, ამ მითში თვითონვე ჩაიკარგნენ და ძიება დაიწყეს, იქნებ, ესაა მიზეზი და ესაა მტკიცებულებაო, საბოლოო ჯამში კი, ყველა ეს მტკიცებულება ხუხულასავით ჩამოეშალათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.