შალვა პაპუაშვილი - პროპაგანდის მიუხედავად, თითქოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი საქართველოზე იყო მორგებული, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ არის უკრაინული კანონის ასლი
მარკერებით მონიშნულ ვენეციის კომისიის დასკვნასაც გავეცანი და საკვირველია, რამდენად არ ესმით ადამიანებს არც დასკვნის არსი და, ზოგადად, როგორ არიან ასე ნეგატიურად მოწყობილი. ესეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიზანია ჩაშლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებებზე საპასუხოდ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რა წერია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რა თქვა ვენეციის კომისიამ. ვენეცის კომისიამ იმსჯელა სამ ქვეყანაზე – უკრაინაზე, მოლდოვასა და საქართველოზე. როგორც იცით უკრაინაზე, უკვე წელიწად-ნახევარია, პროექტი არის ვენეციის კომისიაში. მართალია, ვენეციის კომისიამ მოლდოვასა და საქართველოზე დასკვნა გამოაქვეყნა, მაგრამ გასაკვირია, რომ უკრაინაზე კვლავ არ გამოაქვეყნა. ესეც ცოტა საეჭვო გარემოებაა, რატომ აყოვნებს უკრაინის კანონზე დასკვნის გაკეთებას, აგვიანებს ამ დასკვნის გამოქვეყნებას. იდენტური დასკვნებია ჩვენთანაც და მოლდოვასთან დაკავშირებითაც. კერძოდ, პირველი – მიუხედავად იმ პროპაგანდისა, თითქოს ეს იყო მორგებული საქართველოზე, ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ არის უკრაინული კანონის ასლი, იმ კანონის, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ესაა კარგი კანონი და უკრაინას რეკომენდაციაშიც კი ჩაუწერეს, მოახდინოს ამ კანონის იმპლემენტაცია, იმდენად მოიწონა თავის დროზე ევროკომისიამ. ესეც იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ პირდაპირ გადმოვიტანეთ უკრაინული კანონი.
მეორე – ვენეციის კომისიამ თქვა, რა თქმა უნდა, არის ორი გზა, რომელზეც შეიძლება ამ საკითხთან დაკავშირებით იმუშაოთ, ერთია სისტემური, მეორე – ინდივიდუალური მიდგომა. სისტემური მიდგომით საქართველო ისედაც წინ არის, მათ შორის უკრაინასთან, მოლდოვასთან შედარებით. დღეს საუბარია ეკონომიკური თავისუფლების ინდექსზე, სადაც საქართველო ბევრად წინაა, ვიდრე ყველა კანდიდატი ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის 11 წევრი ქვეყანა. სისტემურის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც ძლიერია, თუმცა, მიუხედავად ამისა, 12 პუნქტის ფარგლებში ჩვენ დამატებით რეფორმებს ვაწარმოებთ, იქნება ეს სასამართლო, ანტიკორუფციული მიმართულება თუ ა.შ. ამავე დროს, ის ტყუილი, რომელსაც გუშინ ავრცელებდნენ, თითქოს ვენეციის კომისიამ თქვა, რომ კანონის მიღება არ შეიძლება, არ ვიცი, შავით თეთრზე კითხულობენ თუ თეთრად შავზე, მაგრამ ჩახედეთ ყველამ რეკომენდაციას, სადაც წერია – რეკომენდაციები კანონპროექტის გაუმჯობესებისთვის, რა შეიძლება იყოს გაუმჯობესებული და აქ არის სამი საკითხი. პირველი – ტერმინოლოგიის დაზუსტება. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, მედიაზე გავლენა, რომ ეწეროს განსაზღვრება; მეორე – სამართლებრივი დაცვის მექანიზმები იყოს უფრო ძლიერი, გასაჩივრების უფლება, მოსმენის უფლება და ა.შ.; მესამე – შედეგები ამ რეესტრში აღმოჩენისა რომ იყოს უფრო მეტად პროპორციული. მაგალითად, უკრაინული კანონის მიხედვით, ოლიგარქს სრულად ეკრძალება პარტიების დაფინანსება. ვენეციის კომისია ამბობს, რომ იქნებ ლიმიტით მიეცეთ შესაძლებლობა, რომ დააფინანსონ. ყველა ამ საკითხზე იმსჯელებს პარლამენტი და მსჯელობის საფუძველზე მივიღებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებას. არ დაგვავიწყდეს პრეისტორია. ეს კანონი უკრაინაში მოქმედებს, ვენეციის კომისია ხომ არ ამბობს, უკრაინაში რომ მოქმედებს ეს კანონი, ვინმეს უფლებები ირღვევა, ევროკომისიის პრეზიდენტი ასეთ კანონზე ხომ არ იტყოდა, იმპლემენტაცია განახორციელეთო, რეკომენდაციას ხომ არ მისცემდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.