შალვა პაპუაშვილი - პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის ფული დესტაბილიზაციის მოსაწყობად დეზინფორმაციაზე იხარჯება, ელჩებს, მათ წარმომადგენლებს ვეუბნებით, რომ ევროპაში ასე არ იქცევიან
პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის ფული დესტაბილიზაციის მოსაწყობად დეზინფორმაციაზე იხარჯება. ელჩებს, მათ წარმომადგენლებს ვეუბნებით, რომ ევროპაში ასე არ იქცევიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რათა ხალხმა იცოდეს, ვინ არის დამკვეთი, დამფინანსებელი, ვისი ფული იხარჯება ამ დეზინფორმაციაზე.
„ელჩებს და მათ წარმომადგენლებს როდესაც ვხვდებით და საუბარი აქვთ დეზინფორმაციაზე, ვეუბნები, რომ, კი მაგრამ, თქვენ ღიად აფინანსებთ დეზინფორმაციულ კამპანიებს ქვეყნის წინააღმდეგ. გვახსოვს, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, „დროა“, რომელიც ევროკავშირიდან ფინანსებოდა EED-ის მეშვეობით, პირდაპირ ამ კამპანიაზე იყო აწყობილი. ევროკავშირის ფული როდესაც იხარჯება არა უბრალოდ დეზინფორმაციაზე, არამედ ისეთ დეზინფორმაციაზე, რომლის მიზანი არის დესტაბილიზაცია, არევა ქვეყნის შიგნით, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა. მე ერთი წელი სწორედ ამაზე ვესაუბრებოდი ყველას, ელჩებსაც და წარმომადგენლებსაც, რომ არ შეიძლება, ასე არ იქცევიან ევროპაში.
საქართველოში ასე არ იქცევიან და არ ვიცი, მათ რა წარმოდგენა აქვთ ასეთ ქცევებზე, როდესაც პირდაპირ დეზინფორმაციაა. ამაზე პასუხი, რა თქმა უნდა, არ არის, რადგან ვინ შეძლებს, თქვას, რომ კარგი არის დეზინფორმაციის დაფინანსება? ამაზე პასუხი არ აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ქცევითაც დიდ ცვლილებას ვერ ვხედავთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, რადგან ვიცოდეთ, ამ შემთხვევაში ვინ არის დამკვეთი, დამფინანსებელი, ვისი ფული იხარჯება ამ დეზინფორმაციაზე, რომ ხალხმა იცოდეს, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.