შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება, ამ მდგომარეობიდან ყველაზე სწორი და ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა
შალვა პაპუაშვილი - პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს კონსტიტუციის დარღვევა და თქვას, რომ ეს აღარ მოხდება, ამ მდგომარეობიდან ყველაზე სწორი და ევროპული გამოსავალი ეს იქნებოდა

ვფიქრობ, პრეზიდენტისთვის ერთადერთი სწორი გზა იქნებოდა, აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური შაბათი მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ და გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია.

„იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტში კენჭისყრა შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ კონსტიტუცია დაირღვა. ოპოზიცია კიდევ ერთხელ საკუთარი წინდაუხედავობით აჩვენებს, რომ ისინი თავადაც ეთანხმებიან ამ აზრს, რომ კონსტიტუცია დარღვეულია, რადგან სხვა მხრივ, კენჭისყრა არცკი შედგება. სასამართლო თუ იტყვის, რომ არ არის კონსტიტუცია დარღვეული, პროცესი შეწყდება, კენჭისყრა არ იქნება. გამოდის, რომ თავიანთი წინსწრები შეფასებით, ოპოზიციამაც დაადასტურა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია.

თავად პრეზიდენტმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დაარღვია კონსტიტუცია. მან თქვა, რომ კერძო თანხები გამოიყენა ვიზიტების განსახორციელებლად. ის ხვდებოდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყენებდა თანხას იმ ვიზიტისთვის, რომელზედაც თანხმობა არ ექნებოდა, ეს გარდა იმისა, რომ იქნებოდა კონსტიტუციის დარღვევა, იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაული, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი გამოყენება. რეალურად, ყველა აღიარებს, რომ კონსტიტუცია დაირღვა.

თუ კონსტიტუცია დაირღვა, ვართ თუ არა სახელმწიფო, ვცემთ თუ არა პატივს იმ წესებს, რომელიც ხალხმა დაგვიდგინა კონსტიტუციის სახით, როცა ვსაუბრობთ ევროპული ოჯახის წევრობაზე, როგორ უნდა მიგვიღონ ჩვენ, როგორც ბარბაროსები, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ ძირითად კანონსაც კი და რა ღირებულებებზე მივდივართ ევროკავშირში. თუკი ყველა ვთანხმდებით, რომ კონსტიტუცია დაირღვა, მაშინ აქ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ აღიარებული იყოს კონსტიტუციის დარღვევა, არ არსებობს. ვფიქრობ, ერთადერთი სწორი გზა პრეზიდენტისთვის იქნებოდა, რომ მან აღიაროს, რომ კონსტიტუცია დაირღვა და მან თქვას, რომ ამის შემდეგ ეს აღარ მოხდება. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი და ყველაზე ევროპული გამოსავალი ამ მდგომარეობიდან.

პრეზიდენტმა არათუ უნებლიედ, გარკვეული ბუნდოვანებით გადადგა ეს ნაბიჯი, არამედ განზრახ და უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. მან იცოდა, რომ არღვევდა კონსტიტუციას და ეს უხეშია, ვინაიდან ხდება ფაქტობრივად, უზურპირება ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს უფლებამოსილებისა, მითვისება კონსტიტუციური უფლებამოსილების, რომელიც ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პოლარიზაციას თუკი რამე ხელს უწყობს, ეს არის არა კანონის აღდგენა, არამედ – დარღვევა.

„მოვისმინეთ ზოგიერთი ევროპელი დიპლომატის მეგობრული რჩევა, რომ შეიძლება, იმპიჩმენტის პროცესი ხელს უწყობდეს პოლარიზაციას. პოლარიზაციას თუკი რამე ხელს უწყობს, ეს არის არა კანონის აღდგენა, არამედ – დარღვევა, არა კონსტიტუციის დაცვა, არამედ კონსტიტუციის წინააღმდეგ წასვლა. ეს არის სწორედ ევროპული ფასეულობა. მე ვთქვი კიდეც, რომ იმ ხალხს, მათ შორის ზოგიერთ უცხოელ დიპლომატს და პოლიტიკოსს, რომელიც გვირჩევს, რომ შევეგუოთ კონსტიტუციის დარღვევას, მე ვუსურვებდი, რომ მათ ქვეყანაში ყოველდღე ირღვეოდეს კონსტიტუცია და მერე ვნახავდი, როგორ განწყობაზე იქნებოდნენ. ამიტომ, ერთადერთი, რაც შეიძლება, პრეზიდენტის კეთილისმსურველმა მას ურჩიოს, რომ მან აღიაროს საჯაროდ კონსტიტუციის დარღვევა და ასევე თქვას, რომ ის აღარ დაარღვევს კონსტიტუციას. ეს იქნებოდა ღირსეული საქციელი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.