„ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ ერთობლივი მემორანდუმის კანონპროექტებად ჩამოყალიბების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება 
„ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ ერთობლივი მემორანდუმის კანონპროექტებად ჩამოყალიბების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება 

ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად და საარჩევნო სისტემის სრულყოფისთვის პარლამენტში საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფი იქმნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფი იმუშავებს „ქართული ოცნებისა“ და „მოქალაქეების“ მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე, რომელიც პარლამენტს პირველ მარტამდე წარედგინება.

პაპუაშვილმა ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში და შეუერთდნენ საარჩევნო რეფორმაზე მუშაობას.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა მაქსიმალურად დაეხვეწა საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრილიყო ის მცირედი ხარვეზებიც კი, რაც წინა წლებში საარჩევნო პროცესს ახლდა თან. ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეფსისის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს. „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისაგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა.

მოგეხსენებათ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ უკვე გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი პარტია „მოქალაქეებთან“. მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის:

შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი;

ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ასევე, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა;

საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ ორი ერთზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ;

დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.

გარდა ამისა, როგორც ვთქვით, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3 პროცენტამდე მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეები თავად და ლევან იოსელიანი იქნებიან.

„ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე უმრავლესობის მხრიდან ვიქნები მე, შალვა პაპუაშვილი, ხოლო ოპოზიციის მხრიდან თანათავმჯდომარე იქნება შეთანხმების მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი ლევან იოსელიანი. სამუშაო ჯგუფში, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორებიც იქნებიან წარმოდგენილი. შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს წარედგინება არა უგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა, ხოლო კანონპროექტები პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მაისისა.

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული მემორანდუმი ღიაა და სურვილის შემთხვევაში საპარლამენტო ოპოზიციას შეუძლია შეუერთდეს მას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.