შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე გვქონდა გამოცდილება, როდესაც ერთ-ერთი პარტია არ შევიდა პარლამენტში და დაფინანსებას იღებდა, რასაც საზოგადოება ცუდად აღიქვამდა
გადასახადის გადამხდელების ფული მიემართება პოლიტიკური პარტიებისკენ, რომლებიც პარლამენტში ხვდებიან, რათა მათ განახორციელონ გარკვეული საქმიანობა, როდესაც პარტია უპასუხისმგებლოდ ეპყრობა ამ პროცესს და პატივს არ სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი პარტია არ შევიდა პარლამენტში, თუმცა დაფინანსებას იღებდა, რასაც საზოგადოება ცუდად აღიქვამდა.
„რაც შეეხება დაფინანსებას, პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე გვქონდა ეს გამოცდილება, როდესაც ერთ-ერთი პარტია არ შევიდა პარლამენტში და ამ დაფინანსებას იღებდა. თქვენ გახსოვთ, რომ საზოგადოება ცუდად აღიქვამდა ამ ფაქტს, ვინაიდან ეს დაფინანსება ეს არ არის რაღაც სახელმწიფოს ფული, ეს არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფული, რომელიც მიემართება პოლიტიკური პარტიებისკენ, რომლებიც პარლამენტში ხვდებიან, რათა მათ განახორციელონ გარკვეული საქმიანობა. როდესაც პარტია უპასუხისმგებლოდ ეპყრობა თავად ამ პროცესს და გადის დემოკრატიული პროცესიდან, პატივს არ სცემს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, პატივს არ სცემს გადასახადის გადამხდელებს, რა თქმა უნდა ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღესდღეობით ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ზოგიერთი პარტია. ამიტომ მე თუ მკითხავთ, ამ დაფინანსებას წარვმართავდი სამოქალაქო და არასამთავრობო სექტორისკენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.