შალვა პაპუაშვილი - პარლამენტის თანამშრომელმა პოლიტიკოსებმა არ უნდა მისცენ კომენტარი დეპუტატებისთვის გამოყოფილ სივრცეში, ჩიხლაძეს და სიჭინავას დეპუტატობა თუ უნდათ, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში
ჟურნალისტებს არაფერი ეკრძალებათ, თუმცა აპარატის თანამშრომლებს, იგულისხმებიან პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები არიან, შეუძლიათ, მისცენ კომენტარი სხვა სივრცეში, სადაც სურთ, თუმცა არა იქ, სადაც გამოყოფილია სივრცე პარლამენტის წევრებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აპარატის თანამშრომლებისთვის საქართველოს პარლამენტის შინაგანაწესზე საუბრისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ადგილზე კომენტარების გაკეთება, მათ შორის, იწვევს დაბნეულობას საზოგადოებაში, ვინაიდან, მაგალითად, სერგო ჩიხლაძეს და ბერდია სიჭინავას პარლამენტის წევრებად მოიაზრებენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა რამდენჯერმე გააფრთხილა პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა, თუმცა არაფერი შეცვლილა.
„რაც შეეხება, თითქოს ხდება ჟურნალისტებისთვის შეზღუდვის დაწესება აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციაზე და ა.შ. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის შინაგანაწესს, კერძოდ, აპარატის თანამშრომლებისთვის. ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს, მაგალითად, „ლელოს “, „საქართველოსთვის“ ჰყავთ პარტიის წევრები გაფორმებული აპარატში, ფრაქციის აპარატში და ხელფასს იხდიან ფრაქციის აპარატიდან. რა თქმა უნდა, პრობლემა არ არის, ფრაქციის აპარატში პოლიტიკური პარტიის წევრები ჰყავდეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, რომ არ იშლიან და პარლამენტის წევრებისთვის განკუთვნილ ბრიფინგის ადგილებზე დგანან და აძლევენ კომენტარს ჟურნალისტებს. რამდენჯერმე გააფრთხილა ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა და თავად ეს პირები საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა. ისინი საერთოდ აგდებულად ეკიდებიან აპარატს, ამბობენ, რომ მათ არავინ ეკითხებათ და ა.შ. ეს წესი შემოდის, ვინაიდან ბატონ სერგო ჩიხლაძეს და ბერდია სიჭინავას თუ უნდათ დეპუტატობა, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში, გახდებიან პარლამენტის წევრები და ექნებათ შესაძლებლობა, რომ საქართველოს დროშასა და პარლამენტის სიმბოლიკასთან მისცენ კომენტარი. მანამდე, პრობლემა არ არის, ჰქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ არა იქ, იმ ადგილებში, რომელიც გამოყოფილია საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის. ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პარლამენტს. ეს არ არის ადგილი, სადაც პირადი ეგოები და ტრიბუნასთან დგომის ჭიის გახარება უნდა მოახდინოს ამა თუ იმ პარტიის წევრმა. ცალკე ანომალიაა, რომ ჩვენ პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გვყავს პოლიტიკური ლიდერები, მაგრამ ეს მოცემულობაა. ამიტომ ჟურნალისტებს არაფერი ეკრძალებათ, თუმცა აპარატის თანამშრომლებს, იგულისხმებიან აქ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები არიან, შეუძლიათ, მისცენ კომენტარი სხვა სივრცეში, სადაც უნდათ, თუმცა არა იქ, სადაც გამოყოფილია სივრცე პარლამენტის წევრებისთვის, ვინაიდან ეს იწვევს, მათ შორის, დაბნეულობას საზოგადოებაში. ხალხს ჰგონია, რომ სერგო ჩიხლაძე, ბერდია სიჭინავა თუ სხვები არიან პარლამენტის წევრები, დეპუტატები. რა ვიცი, შეიძლება, სადმე მიდიან და ამით ცალკე თავს იწონებენ. საზოგადეობასთან ურთიერთობის დეპარტამენს არაერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მათ შორის, უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თავად ჟურნალისტებს, რომლებმაც იციან, რომ ის ადგილი არის მხოლოდ პარლამენტის წევრებისთვის, თუმცა ასე უხეშად, უტიფრად მაინც დგებიან ხოლმე ტრიბუნასთან. ამის შემდეგ ეცოდინებათ, რომ ეს არის შინაგანაწესით მოწესრიგებული. მათ პარლამენტის აპარატის თანამშრომლობა და ბიუჯეტიდან ხელფასის მიღება თუ უნდათ, დაემორჩილონ შინაგანაწესს, სხვა შემთხვევაში, დისციპლინური ზომები იქნება მათ წინააღმდეგ მიმართული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.