შალვა პაპუაშვილი - პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან, ახალგაზრდობა არავისთვის არ არის გასამართლებელი საბუთი, ყველა სრულწლოვანია და აქვს პასუხისმგებლობა
პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან, ახალგაზრდობა არავისთვის არ არის გასამართლებელი საბუთი, ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს ეს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, თსუ-ში მომხდარი ფაქტი იყო „მართული და ნაყიდი პროტესტი“.
„რაც შეეხება იმ მართული პროცესის შეფასებას, რომელიც აკადემიურ და საგანმანათლებლო სისტემაშია, ჩვენ ვნახეთ, რომ ეს არის პირდაპირ მართული. აუდიტორიებში ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების შეგზავნა. თქვენ ინფორმაციას საიდან იღებთ, არ ვიცი, მაგრამ ერთი ფაქტი მოხდა, რომელიც პარლამენტის წევრს შეეხებოდა, რომელიც ამავე დროს ლექტორია, და სადაც ერთმა სტუდენტმა ეს პროტესტი გაითამაშა. აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი არათუ თსუ-ს სტუდენტი არ არის, საერთოდ სტუდენტი არ არის, იყო სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი და სტატუსი აქვს შეჩერებული, საერთოდ არანაირ კავშირში არ არის თსუ-სთან. მიგზავნილი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მხრიდან იმისთვის, რომ ლექცია ჩაეშალა.
არმაზ ახვლედიანმა გასული საუკუნის 30-იანი თუ 20-იანი წლები გაიხსენა. თუკი რამე გვაგონებს ამას, ეს გვაგონებს. 100 წელია, ეს საქართველოში არ მომხდარა, 100 წლის წინ მოხდა ბოლოს, როდესაც უნივერსიტეტში, თსუ-ში უგზავნიდნენ ტყავის ქურთუკიან, „მაუზერიან“ ახალგაზრდებს, რათა პროფესორები გამოეყარათ აუდიტორიებიდან. სამწუხაროდ, არავინ აღმოჩნდა თქვენს რიგებში, რომ ამას გამიჯვნოდა და ამის მიმართ პროტესტი ჰქონოდა, როდესაც არის მართული პროტესტი და ნაყიდი პროტესტი. ამაზეა საუბარი. თუკი ვინმეს რამე პროტესტი აქვს, ვინმეს რამე აზრი აქვს, სწორედ ასეთი ქცევებით, ასეთი ნაყიდი პროტესტით, შეგზავნილი აქტივისტები აფუჭებენ აქტივიზმსაც, სამოქალაქო სითამამესაც და ა.შ. ამიტომ, რა თქმა უნდა, არათუ ვინმეს სათაკილო უნდა ჰქონდეს, პირიქით, თქვენი ყველას ვალდებულებაა, ამხილოთ ყველა ის ახალგაზრდა, რომელიც, როგორც აქტივისტი, შეგზავნილია აუდიტორიებში, რომ ლექტორებს ობსტრუქცია მოუწყოს. არაფერი ესაქმება პოლიტიკურ აქტივიზმს აუდიტორიებში. მე თავად წლები ვკითხულობდი ლექციებს, და ბევრი თქვენგანი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, და, მე მგონი, ეს არის ეთიკის პირველი საკითხი, რომ პოლიტიკას არაფერი ესაქმება აუდიტორიაში როგორც ლექტორის, ისე სტუდენტის მხრიდან. ახალგაზრდობა არ არის გასამართლებელი საბუთი არავისთვის. ყველა სრულწლოვანია და ყველას აქვს ეს პასუხისმგებლობა. ზიზღს, ადამიანის მტრად გამოცხადებას რომ არ ემიჯნებით და თან იმავე წინადადებაში გასული საუკუნის 30-იან წლებს ციტირებთ, რომელსაც, ზუსტადაც, თქვენი სიჩუმით მხარს უჭერთ, როცა დუმხართ იმაზე, რაც ხდება, როცა ბულინგია ლექტორებზე და ა.შ., ამაზე ხმას რომ არ იღებთ, ეს არის ცუდი. გავიმეორებ იმ განცხადებას რამდენჯერაც გნებავთ, რომ როდესაც არის ნაყიდი პროტესტი, ეს თავიდანვე თუ არ ითქვა, თავიდანვე ძირშივე თუ არ გაჩერდა, სადამდე მიგვიყვანს, მერე გაიხსენეთ გასული საუკუნის 30-იანი წლები. ყველას მოგიწოდებთ, ამ განცხადებაში შემომიერთდეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.