შალვა პაპუაშვილი - პოლიცია ადგილზეა და ექსცესები თუ მოხდება, იქნება რეაგირება, დანაშაულის ჩამდენი დაისჯება
ნებისმიერი ძალადობა დაუშვებელია, შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის კულტურასთან ტრადიციებთან და მომავალ მისწრაფებებთან, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.
„შესაბამისად, ყველა გადაცდომა და დანაშაული დაისჯება. სხვა მხრივ, ზოგადად, თავისი რისკები ახლავს ასეთი ტიპის თავყრილობებს. დარწმუნებული ვარ, პოლიცია შეეცდება, უზრუნველყოს უსაფრთხოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტებმა შალვა პაპუაშვილს შეკითხვა დაუსვეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე დღეს დაანონსებულ აქციამდე მომხდარ მორიგ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„ყველა ადამიანს მიჩენილი ვერ ეყოლება ერთი მცველი. პოლიცია არის იქ იმისთვის, რომ უზრუნველყოს, მშვიდობიანად მიმდინარეობდეს აქცია. ექსცესები თუ მოხდება, ამაზე რეაგირება იქნება მყისიერი, ჩვენ ასეც ვნახეთ, რომ ამაზე იყო რეაგირება იმ პოლიციელების მხრიდან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ ადგილზე. ვინც დანაშაულს ჩაიდენს ის დაისჯება“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.