შალვა პაპუაშვილი - პლაკატების ჩამოხევა და საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები თუ არის ევროკავშირის თვალში დეპოლარიზაცია, მაშინ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია
შალვა პაპუაშვილი - პლაკატების ჩამოხევა და საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები თუ არის ევროკავშირის თვალში დეპოლარიზაცია, მაშინ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია

პლაკატების ჩამოხევა და საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები თუ არის ევროკავშირის თვალში დეპოლარიზაცია, მაშინ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვხედავთ, რომ ოპოზიციის მხრიდან არის მივარდნები, იცით ზუგდიდში იყო რამდენიმე ინციდენტი, როდესაც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ჩვენი დელეგატებისთვის და ახლა ვნახეთ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რომელშიც ჩართული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თსუ-ს პროფესორი, ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ის მორალი, რომლითაც მოძრაობს და მუშაობს მელია-გვარამიას ჯგუფი. ეს ის მომენტებია, როდესაც უნდა გავიხსენოთ აშშ-ის ყოფილი ელჩის განცხადება, ევროკავშირის მაღალჩინოსნების განცხადებები, როდესაც გვარამიას შეწყალება მოხდა. ეს იყო ევროკავშირის მაღალჩინოსანთა ჩარევის შედეგი ქართულ მართლმსაჯულებაში და ზეწოლის შედეგი, რომ გვარამია შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა. ეს მაშინ შეგვიფუთეს ისე, როგორც დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

არ ვიცი, თუ პლაკატების ჩამოხევა არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია. თუ საარჩევნო კამპანიის დროს მივარდნები არის დეპოლარიზაცია ევროკავშირის თვალში, მაშინ ჩვენ ვერ ვთანხმდებით, რა არის დეპოლარიზაცია. ამიტომ, ეს არის ის მავნე შედეგები, როდესაც გარედან ხდება ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში და პასუხისმგებელი არავინ არის. სად არიან ის ელჩები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც გვარამიას შეწყალებას იწონებდნენ და ტვიტს ტვიტზე წერდნენ, რომ დეპოლარიზაცია მოხდებოდა? საბოლოო ჯამში, აზიანებენ ქართველი ხალხის ინტერესს, ოღონდ ისე, რომ ამაზე აღარც წუხან და ბოდიშსაც არ იხდიან.

რაც შეეხება ანგარიშს, ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ და, თუ არ ვცდები, „საიასაც“ ჰქონდა შუალედური ანგარიში, სადაც იმალება ეს ფაქტები. თვალს ხუჭავენ უცხოური დაფინანსებით მოქმედი დამკვირვებელი ორგანიზაციები ასეთ დარღვევებზე და არ ვიცი, ვნახოთ, როგორ იქნება. მე როგორც ვაკვირდები ტენდენციას, ეს, საერთო ჯამში, ერთი წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ოპოზიცია და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად ეწევა. ამიტომ აქ ხელი ხელს ბანს, ისინი ჩადიან ძალადობას და დამკვირვებელი ორგანიზაციები ხელს აფარებენ ამას და არ ასახავენ ანგარიშებში. თუმცა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო დამკვირვებლების იმედი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.