შალვა პაპუაშვილი - პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს
შალვა პაპუაშვილი - პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, კანონების გაუქმების თაობაზე პარტნიორების მოთხოვნა დამაფიქრებელია.

„ახლა რატომ ამახვილებენ ყურადღებას არჩევნების კონტექსტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ კანონებზე? რა კავშირი აქვს ამას საერთოდ არჩევნებთან? როგორც ჩანს, ვიღაცებს ეს კანონები უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე ქართველი ხალხი, დემოკრატიული განვითარება და ა.შ. როგორც ჩანს, ვიღაცებს უფრო ძალიან აწუხებთ, რომ მათი ფინანასები გახდება გამჭვირვალე და ქართველი ხალხი გაიგებს, რაში იხარჯება ესა თუ ის თანხა საქართველოში.

თანხები, რომელზეც გვეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ არის დახარჯული და, შესაძლოა, ზოგიერთი უფრთხის, რომ აღმოჩნდება, თურმე ეს თანხები არ არის ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ დახარჯული. სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც ამ მხრივ გაუმჭირვალეა.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არის ცნობილი თავისი ფარული ფინანსებით საქართველოში და რამდენჯერმე სკანდალურად გახდა ცნობილი, რომ ისინი აფინანსებდნენ რადიკალურ ჯგუფებს, პარტიებს, რაც წარმოადგენს როგორც ქართული კანონმდებლობის, ისე საერთაშრისო საუკეთესო პრაქტიკის დარღვევას. ასევე, მგონი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ზოგმა ვერ გაიგო, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს. ეს არჩევნები, მათ შორის, ზოგიერთმა უცხოელმაც შერაცხა რეფერენდუმად. ჩვენ ვნახეთ არნახული მასშტაბის უცხოური ჩარევა ჩვენს არჩევნებში, ვნახეთ უცხოელი პოლიტიკოსები, ჩინოსნები და ზოგიერთი დიპლომატი, რომლებიც პირდაპირ ერეოდნენ ქართულ არჩევნებში, ეუბნებოდნენ ქართველ ხალხს, რომ ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“. ამით ჩვეულებრივად ჩარეული იყვნენ შიდა პოლიტიკაში გაერო-ს წესდების და ვენის კონვენციის დარღვევით. ეს ხალხი დამარცხდა ამ არჩევნებში, ქართველმა ხალხმა მათაც გასცა პასუხი ყველა მათ მცდელობაზე, რომ თავს მოეხვია ქართველებისთვის მათი არჩევანი. ამიტომ ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა მოუსმინოს, რა თქვა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, ეს ხმა იყო საკმაოდ მჭექარე იმისთვის, რომ ვიღაცამ მოინდომოს მისი წაყრუება. ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის დგას გამჭვირვალობის კანონის უკან, რომ დგას ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონის უკან. ჩვენ უნდა გავიხსენოთ, იგივე აქტორები, რომლებიც დღეს მოგვიწოდებენ ამ კანონის გაქუმებისკენ, ისინი ჩვენ გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით, გვეუბნებოდნენ, რომ ქართველ ხალხს არ უნდა გამჭვირვალობის კანონი, ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რა აღმოჩნდა 26 ოქტომბერს? გამოვიდა ქართველი ხალხი და ყველა ამ აქტორს უთხრა, რომ მისი ნება არის ამ კანონებით განხორციელებული. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ყველა უცხოელმა აქტორმა, თვალი გაუსწოროს იმას, რა არის ქართველი ხალხის ნება და ასე ესაუბროს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.