შალვა პაპუაშვილი - პირადად მე, ჩემს პარტიას და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ გვწამს, რომ ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენი ხალხის ოჯახს, ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს
შალვა პაპუაშვილი - პირადად მე, ჩემს პარტიას და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ გვწამს, რომ ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენი ხალხის ოჯახს, ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს

პირადად მე, ჩემს პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამჟამად მართავს საქართველოს, და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ გვწამს, რომ ევროკავშირი წარმოადგენს ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართვაშია ნათქვამი.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი სამი თვის წინ შეიტანა, მიმდინარე თვეში კი მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას.

„ასე ემოციურად იშვიათად შეუკავშირებია ჩვენი ერი სხვა რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას, როგორც ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელ პასუხს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მე წარმოვადგენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოს და დარწმუნებული ვარ, შემიძლია ჩვენს ევროპულ ბედთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მოსახლეობის ერთიანი ხმის გაჟღერება.

საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც კი, კომუნიზმისა და საბჭოთა შევიწროების წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სახალხო ბრძოლით, ევროპა გახლდათ ის კულტურული და პოლიტიკური სიმბოლო და ვექტორი, რომელიც ამოძრავებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1990-იან წლებში გარედან თავს მოხვეული და ხელოვნურად მართული კონფლიქტების დროსაც კი, ეროვნულ დისკურსში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოწოდებები უპირატესი იყო სხვა ყველა ალტერნატივასთან შედარებით. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილს განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

„აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, – აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.