შალვა პაპუაშვილი - პატარა პარტიები მაინც ექვემდებარებიან ნარატივს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აყალიბებს, მათ საკუთარ თავში უნდა იპოვონ ძალა, გაემიჯნონ რადიკალურ დღის წესრიგს
პატარა პარტიები თუ ფიქრობენ, რომ შეუძლიათ, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპონირებაში ჩაანაცვლონ, ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ საქმე ისაა, რომ არ უნდათ, ეს თვითონ გააკეთონ, თავისი ხელით, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.
„მათ უნდათ, გარკვეულ სასათბურე პირობებში ჩააყენოს ისევ „ქართულმა ოცნებამ“. ეს მოხდა კიდეც 2020 წელს, როდესაც 1%-იანი ბარიერი დაწესდა, რათა სუსტი პარტიები სასათბურე პირობებში ჩაყენებულიყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ დაბალი მხარდაჭერა ჰქონდათ, პარლამენტში შემოსულიყვნენ. ნაცვლად იმისა, რომ ამ მომენტით ისარგებლონ, ოპოზიციურ ფლანგზე ჩაანაცვლონ „ნაციონალური მოძრაობა“ და საზოგადოებას აჩვენონ, რომ რადიკალური მოძრაობების გარდა არსებობს ხალხის ინტერესებზე აწყობილი პარტიებიც, ყოველ ჯერზე ვხედავთ, რომ რაღაცნაირა მაინც ექვემდებარებიან იმ ტრენდს თუ ნარატივს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აყალიბებს, სააკაშვილის საკითხიდან დაწყებული, სხვა თემებით გაგრძელებული. ამიტომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ დილემა. ეს არის იმ ოპოზიციის დილემა, რომელმაც თავად უნდა გასცეს პასუხი ამას. ვფიქრობ, ასეთი წახალისებები აღარ უნდა იყოს. მათ საკუთარ თავში თავად უნდა იპოვონ ძალა, გაემიჯნონ რადიკალურ დღის წესრიგს ისე, რომ ცხადად იყოს ეს გამიჯვნა და ამავე დროს, იყვნენ ძლიერი თავიანთი პოზიციების წარმოდგენაში. ზოგიერთი ამას აკეთებს კიდეც“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად სწორია ე.წ. პატარა პარტიების თუ სხვა ოპონენტების პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელს აძლევს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოპოზიციურ ძალად ყოფნა, მათთან დაპირისპირება და რომ პატარა ოპოზიციური პარტიების გარიყვაც ამ დიქოტომიიდან გამომდინარე ხდება.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, ე.წ. პატარა პარტიები რაც შეიძლება, მეტად იყვნენ ჩართული საკითხების განხილვაში.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკა მაინც კონკურენციაა და პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ იქნება, ასე ვთქვათ, ერთმანეთის წახალისება და ზედმეტად ხელშეწყობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვგრძნობთ იმის საჭიროებას, რომ არსებობდეს ჩართულობა, მათ შორის იმ ორ-სამ თემაზე, რომელიც უკვე თვეებია, თითქოსდა პოლიტიკის მთავარი თემებია. არადა, სინამდვილეში, სულ სხვა თემებია სალაპარაკო. ხანდახან, ჩემი თავისთვისაც შემიტყვია და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ვატყობ, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წინ წამოწეულ ერთ-ორ თემას მივიტოვებთ გვერდით და სხვა საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, მართლა მონატრებულია ასეთი სახის დისკუსიები და ძალიან დიდი ინტერესია სხვადასხვა თემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინაიდან მას აქვს ფინანსური თუ მედია რესურსი, ასევე აქვს შესაძლებლობა, ოპოზიციურ ფლანგზე თემების გარკვეული დომინირება მოახდინოს, ხოლო ამ თემებს ვინც გასცდება, მასზე ჰქონდეს ზემოქმედების ბერკეტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„„ნაციონალური მოძრაობა“ სუსტია თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლის ხედვების გამო და ნებისმიერ ორთაბრძოლაში „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერია, რაც, შესაძლოა, მმართველ პარტიას გარკვეულ კომფორტს უქმნიდეს, თუმცა ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ინტერესშია სიმშვიდე და არა რადიკალური დღის წესრიგი, რომელსაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ქმნის, ხოლო პატარა პარტიებს შეუძლიათ, დისკომფორტი თავად შეუქმნან „ქართულ ოცნებას“. რატომ ხვდებიან ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთის ქვეშ?“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, მათ შორის არასამთავრობო სექტორის გარკვეული ჯგუფიც ცდილობს, დომინანტური თემები ჰქონდეს და ამის იქით გასაქანი არ მისცეს სხვა თემებს პოლიტიკურ დისკუსიაში.
შეკითხვაზე, იკარგება თუ არა პატარა პარტიების ადგილი ამ მოცემულობაში, როდესაც მათ ფინანსურ რესურსებზე წვდომა არ აქვთ, ხოლო მეორე მხრივ, არის ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები და ერთი კონკრეტული პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის საჭიროა, პატარა პარტიებმა აჩვენონ პოლიტიკური პოზიციების სიმტკიცე, დააინტერესონ მოქალაქეები, რათა მათ მხარი დაუჭირონ, მათ შორის ფინანსურადაც და ინიცირებული თემებით ასევე დააინტერესონ მედია.