შალვა პაპუაშვილი - პარტიებს, რომლებმაც თავის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდეს, ვურჩევდი, პატივი სცენ ამ არჩევანს
როცა საუბარი არის ხმების ან არჩევანის დაცვაზე, უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა ისწავლოს ოპოზიციამ, ეს არის არჩევანის პატივისცემა, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ოპოზიცია თავისი გადაწყვეტილებით გადის დემოკრატიული პროცესებიდან.
„ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, არის ამ არჩევანის მიუღებლობა და არაღიარება. ამიტომ როცა საუბარი არის ხმების ან არჩევანის დაცვაზე, უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა ისწავლოს ოპოზიციამ, ეს არის არჩევანის პატივისცემა, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ვერ ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან. მე უფრო ვურჩევდი მათ, დაფიქრდნენ, თუ რა იყო მიზეზები, რომ, მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 100 000 ხმით ნაკლები მიიღო წინასაპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, მაგალითად, „ევროპულმა საქართველომ“ 100 000 ხმით ნაკლები მიიღო წინა არჩევნებთან შედარებით. „ლელოს“ ვურჩევდი დაფიქრდნენ, რომ 250 000 რეგისტრირებული მხარდამჭერი გვყავს და საბოლოო ჯამში 60 000 ხმა მიიღეს, რასთან გვაქვს საქმე. ასევე იმ პარტიებს, რომლებმაც თავის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზარდეს, ვურჩევდი, პატივი სცენ ამ არჩევანს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.