შალვა პაპუაშვილი - პარტიები თუ თავს დაანებებენ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს, მაშინ ყველანაირი შეთანხმება შესაძლებელი იქნება
პარტიები თუ თავს დაანებებენ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს, მაშინ ყველანაირი შეთანხმება შესაძლებელი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ რა კომპრომისზე უნდა წავიდნენ პარტიები, ეს მათი გადასაწყვეტია.
„უცხოელი პარტნიორები შეფასებების დროს ამბობენ, რომ პარტიები უნდა გამოვიდნენ და თავი დაანებონ საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს, ამ პერსპექტივით თუ იფიქრებენ, მაშინ ყველანაირი შეთანხმება იქნება შესაძლებელი. არაერთხელ გვითქვამს, რომ ერთი, ვუყურებთ, რა არის სამართლიანი შეთანხმების საფუძველი და მეორე, რა არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. აქედან გამომდინარე, რაც პასუხობს ამ ორ კრიტერიუმს, ჩვენთვის ყველაფერი მისაღებია. უფრო მეტიც, ვხედავთ, რომ ამ ხუთი თვის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, ფასილიტაციის პროცესი დასრულდა მართალია დიდი შეთანხმების გარეშე, მაგრამ იქიდან გამოვიტანეთ საარჩევნო რეფორმა. მიმდინარეობს მედიაციის პროცესი, ჯერ ბოლომდე არ არის წარმატებით გასული, თუმცა აქედან უკვე გამოვიტანეთ ის ცვლილებები, რომელიც დავაინიცირეთ. მათ შორის კონსტიტუციაში ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ დასკვნები ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის გამოგვაქვს, თუკი ჩვენი ოპონენტები იგივეს გააკეთებენ, მაშინ შეთანხმება მოხდება.
რა კომპრომისზე უნდა წამოვიდნენ, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ უბრალოდ და არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც მიუთითებენ იმ გზაზე, რომლითაც ისინი შეძლებენ კომპრომისის გამონახვას საკუთარ თავისთვის. კერძოდ, ეს გზა არის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის თავის დანებება და ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება და კომპრომისს ავტომატურად დაანახებს, თუკი ეს იქნება მათი მხრიდან. რაც შეეხება დეტალებს, ჯერ დეტალებზე არ ვსაუბრობთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს, თუმცა ამ პროცესში მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
„ზოგადად დეტალებთან დაკავშირებით კომენტარებისგან თავს ვიკავებთ, თუმცა ჩვენი ოპონენტები ხანდახან ამჟღავნებენ ხოლმე რაღაც დეტალებს, ხან სწორად, ხან არასწორად. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, ველოდებით, რომ მედიატორი ჩამოვა. ორშაბათიდან დაიწყება მედიაციის შემდეგი რაუნდი და ვნახოთ, როგორი წარმატებით წავა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, წარმატებით თუ არა, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე, საბოლოო ჯამში, ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდება ერთ რამეში, რომ ამ პროცესში, „ქართული ოცნება“ იყო ის ერთადერთი ძალა, რომელიც ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდა. ასე რომ, შეგიძლიათ, ეს კრიტერიუმი მიუყენოთ ყველა საკითხს და მიხვდებით, რა შეთავაზებებს აკეთებს, გადაწყვეტის რა გზებს სთავაზობს „ქართული ოცნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.