შალვა პაპუაშვილი - პარტიები, რომლებიც ითხოვენ მანდატს, სხდომასაც კი არ ესწრებიან, ქართველი ხალხის მსახურებას ამჯობინეს უცხოელებთან ერთად კონფერენციაზე დასწრება და საქართველოს გმობა
პარტიები, რომლებიც ითხოვენ მანდატს მოქალაქეებისგან, პარლამენტის სხდომასაც კი არ ესწრებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში, საშემოდგომო სესიის გახსნისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქართველი ხალხის მსახურებას ალბათ ამჯობინეს უცხოელებთან ერთად კონფერენციაზე დასწრება და იქიდან საქართველოს გმობა.
„ჩვენ გვაქვს ამ მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია. ყველას გისურვებთ წარმატებულ სესიას, თუმცა ვატყობთ, დღეს დარბაზის ერთი ნაწილი ძალიან ხალვათად არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირას სკოლაც დაიწყო და ალბათ იქაც არის სიის ამოკითხვა და „არას“ დაწერა. ბოიკოტზე რამდენიმე წერილი შემოვიდა და მინდა, გაგაცნოთ, შევხედოთ, ვინ ესწრება და ვინ – არა.
ესწრებიან ფრაქცია „ქართული ოცნება“, „გირჩი“, „ხალხის ძალა“, პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“, ასევე „ევროპელი სოციალისტები“, რომლებიც გამოირჩევიან პარლამენტის საქმიანობაში აქტიური მონაწილეობით. არ ესწრებიან ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფი „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, პოლიტიკური ჯგუფი „ევროოპტიმისტები“, პოლიტიკური ჯგუფი „თავისუფლება“, პოლიტიკური ჯგუფი „ლელო“, პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“, პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“.
დიდი ალბათობით, რომელიღაც კონფერენციაზე არიან კოლეგები, უცხოელებთან ერთად. ქართველი ხალხის მსახურებას ალბათ ამჯობინეს კონფერენციაზე დასწრება და იქიდან საქართველოს, ქართველი ხალხის გმობა, ამისთვის კონფერენციის ტრიბუნის გამოყენება. საპარლამენტო არჩევნები გვაქვს რამდენიმე კვირაში და პარტიები, რომლებიც ითხოვენ მანდატს მოქალაქეებისგან, პარლამენტის სხდომასაც კი არ ესწრებიან. მადლობა ყველას, ვინც ესწრებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.