შალვა პაპუაშვილი - პარლამენტიდან უკრაინაში გაგზავნილ დახმარებაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ლელოს“ მონაწილეობა არ მიუღიათ, სპეციალურ ანგარიშზე მათგან არც ერთი თეთრი არ შესულა
პარლამენტის მხრიდან უკრაინაში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებს მონაწილეობა არ მიუღიათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილის წარმომადგენლებისგან არც ერთი თეთრი არ შესულა პარლამენტში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რაც შეეხება უკრაინის რეალურ დახმარებას და გვერდში დგომას, ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ მაშინ არ იჩენენ არანაირ დახმარებას.
„უკვე სამი კვირაა, რაც უკრაინა რუსული აგრესიის ქვეშ არის და ამ დღეების განმავლობაში რასაც ვხედავთ ჩვენი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან, განსაკუთრებით ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ მცდელობას, რომ მოხდეს აქ ისტერია, მოხდეს ის, რაზეც ვსაუბრობთ და სამწუხაროდ, ყველა ეს ნიშანი დასტურდება მათი ქმედებით, რომ რამენაირად არიონ აქ სიტუაცია, ჩაითრიონ საქართველო ისეთ რამეში, რაც გამოუსწორებელი იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის ამ ნაწილის ინიციატივებს, ჩვენ არც კი შევდივართ ამ ინიციატივების განხილვაში, ვინაიდან ვხედავთ, რა არის ამის მიზანი, რაც არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ეს არის ქვეყანაში არეულობა და მისი ჩათრევა ომში, შეიარაღებულ კონფლიქტში. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.
რაც შეეხება გულწრფელ სურვილებს და დამოკიდებულებებს, იცით, რომ ცოტა ხნის წინ, პარლამენტის მხრიდან გავაგზავნეთ უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების პირველი პარტია. ეს იყო შეგროვებული თანხები პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მხრიდან. მაშინაც არ მიუღია ოპოზიციის ამ ნაწილს მონაწილეობა. ამასთან, რამდენიმეჯერ განვაცხადე, რომ გახსნილი გვაქვს სპეციალური ანგარიში, სადაც ყველას მოვუწოდებთ, თუკი რაიმე ახლა სჭირდება უკრაინას, განსაკუთრებით ჩვენი მხრიდან. ეს არის დახმარება, დახმარება მშვიდობიანი მოსახლეობის, დახმარება სხვადასხვა საშუალებით, რაც შეგვიძლია გავიღოთ. ამ ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან არც ერთი თეთრი არ შემოსულა პარლამენტის სახელით ამ ჰუმანიტარული დახმარების გასაგზავნად. ასე რომ, აქ ჩანს სინამდვილეში, რა არის რეალური განზრახვა ოპოზიციის ამ ნაწილის. ეს მხოლოდ პიარია, უხეშად რომ ვთქვათ. რაც შეეხება რეალურ დახმარებას და გვერდში დგომას, მაშინ სწორედ ისინი არ იჩენენ არანაირ დახმარებას.
მათ შორის იცით, რომ ჩვენ გვქონდა სისხლის დონაციის კამპანია და ამ კამპანიაშიც, აღნიშნა კიდეც დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ამას კურირებდა, რომ შეიძლება ითქვას, ერთ ხელზე ჩამოსათვლელად იყვნენ ოპოზიციიდან აქ ჩართული. თუკი ვინმეს რეალურად სურს, დაუდგეს გვერდში უკრაინას, დაუდგეს საქმით და არა ხმამაღალი განცხადებებით და საბოლოო ჯამში, ასეთი ისტერიით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.