შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი საკუთარი პასუხისმგბლობით მოქმედებს და მის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ცესკო-ს შემთხვევაშიც პასუხისმგებლობით იმოქმედებს
შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი საკუთარი პასუხისმგბლობით მოქმედებს და მის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, ცესკო-ს შემთხვევაშიც პასუხისმგებლობით იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებით მიღებულ იქნას ისეთი წესები, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია.

მისივე თქმით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ აქამდე მოქმედმა წესმა არ გაამართლა.

„2021 წელს საარჩევნო რეფორმა როცა მიმდინარეობდა, მაშინაც ვამბობდით, რომ ხელოვნური წესი იყო, რომელიც პრაქტიკაში არ იმუშავებდა. მიდგომა, რომ კვალიფიციური უმრავლესობა არის პანაცეა კონსენსუსის მიღწევისკენ, პრაქტიკამ დაადასტურა, რომ ეს არის ტყუილი. ვნახეთ, რომ არ გაამართლა ექსპერიმენტმა და მნიშვნელოვანია, მივიღოთ ისეთი წესები, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაშია. რაღაც ახალი გადაწყვეტილებები არ უნდა მოვიფიქროთ. არ გვინდა, ისეთი განსხვავებული წესები გვქონდეს, რომლებიც ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკას სცილდება და საქართველისთვის გარკვეული ექსპერიმენტია. ამის გამართლებას ცდილობენ იმით, თითქოს საქართველოს სპეციფიკური გამოწვევები აქვს და უნდა მივიღოთ სპეციფიკური წესები, რომლებიც არსად არ არის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს არ მუშაობს. ქართველი ხალხი ისეთივე დემოკრატიის მოყვარულია, როგორც ყველა სხვა ევროპული ხალხი. ის, რაც კარგია სხვა ქვეყნებში, კარგია საქართველოშიც. ამიტომ, შემოთავაზებული წესი სრულად ჯდება აპრობირებულ წესებთან, რაც სხვადასხვა ქვეყანაშია. პარლამენტს სრული მანდატი აქვს, აირჩიოს ცესკო-ს წევრები და ექსპერიმენტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საზოგადოებას შევახსენებ, რომ პარლამენტი ასახელებს, ირჩევს სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს და ამ პროცესის მიმართ არანაირი კრიტიკა არ ყოფილა. პარლამენტი მოქმედებს საკუთარი პასუხისმგებლობით და პარლამენტის უფლებამოსილებაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. ასე იქნება ცესკო-ს შემთხვევაშიც. პარლამენტი საკუთარი პასუხისმგებლობით იმოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.