შალვა პაპუაშვილი - პარლამენტი ნოემბრის ბოლოს იმპიჩმენტის წესით გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არათუ კონსტიტუციას, არამედ არანაირ სტანდარტს არ სცემს პატივს
პარლამენტი ნოემბრის ბოლოს იმპიჩმენტის წესით გადააყენებს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არათუ კონსტიტუციას, არამედ არანაირ სტანდარტს არ სცემს პატივს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა სოციალური გვერდის საშუალებით გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ სკოლაში მოსწავლეებს უკანონოდ ართმევენ მშობლების მონაცემებს.
პაპუაშვილის შეფასებით, ასეთი ქმედება ყოველგვარს სტანდარტს სცდება.
„რთულია კომენტარი, ერთი თვე დარჩა და პარლამენტი ნოემბრის ბოლოს იმპიჩმენტის წესით გადააყენებს ამ ადამიანს, რომელიც არათუ კონსტიტუციას არ სცემს პატივს, პატივს არ სცემს არანაირ სტანდარტს. მან საკუთარი სოციალური გვერდით გაავრცელა დეზინფორმაცია, ფოტო იყო გარკვეული ცხრილის, ცარიელი ცხრილის და პრეტენზიული ტონით ამტკიცებდა, რომ სკოლაში მოსწავლეებს უკანონოდ ართმევენ მშობლების მონაცემებს. ამაზე იყო განათლების სამინისტროს განცხადება, რომ ეს აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილია. სკოლას და განათლების სამინისტროს ისედაც აქვთ მონაცემები მშობლების, ეს ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც ასეა. რა თქმა უნდა, ვინც მშობლები ხართ და ბავშვი სკოლაში დაგყავთ, იცით, რომ ბაზაში არის რეგისტრირებული მშობელი, როგორც ბავშვის მეურვე და წარმომადგენელი. ყოველგვარ სტანდარტს სცდება, რაც ქალბატონმა სალომემ ჩაიდინა, სცადა გარკვეული პანიკის დათესვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ფაქტები აჩვენებს, რომ ოპოზიცია, მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები იმ გატკეპნილ გზაზე დადიან, რომელიც მათ არაერთხელ გაუვლიათ“.
„ამიტომაც გავიხსენე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე სამი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ე.წ. სკანდალის წარმოდგენა, თითქოს ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა ხდებოდა. გემახსოვრებათ მედიის წარმომადგენლებს, ასევე საზოგადოებას, რომ ამაზე შემდეგ სიტყვა ვეღარ დააცდევინა ვერც პროკურატურამ და ვერც მედიამ, რათა ეთქვათ, რა მტკიცებულებები ჰქონდათ. რა თქმა უნდა, მაშინაც მიზანი იყო საზოგადოებაში პანიკის შექმნა, რათა გავლენა მოეხდინათ საარჩევნოდ აზრის ფორმირებაზე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.