შალვა პაპუაშვილი - პარლამენტში ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის ძალა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე
პარლამენტი არის ის ინსტიტუცია, რომელშიც ყველაზე მეტად არის გამოხატული ხალხის, როგორც ხელისუფლების წყაროს, ძალა, ამიტომ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიდგები საპარლამენტო სუვერენიტეტის სადარაჯოზე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომლის პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევასაც დღეს უყრიან კენჭს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, მე ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ამით, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების გამტარებელი. თუმცა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვიქნები ხალხის მიერ არჩეული ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარანტი. მით უფრო, რომ ამ პარლამენტში, არსებული დაპირისპირების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ოპოზიციასთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რაც წარმატებულ საარჩევნო რეფორმას უკავშირდება. ამის ფონზე, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტი, განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ჩვენი გუნდის მიერ კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა, ქართულ პოლიტიკაში, ცენტრალური ადგილი დაიკავა. ახალი დემოკრატიული სტანდარტებით, მრავალპარტიულ პარლამენტს აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მძლავრი ბერკეტები. უპრეცედენტოდ გაზრდილია საპარლამენტო ოპოზიციის როლი. ეს ყველაფერი კი ქმნის განსაკუთრებულ პირობებს საქმიანი საპარლამენტო დისკუსიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.