შალვა პაპუაშვილი - ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს, ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს?
ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს. ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უფრო დიდი მიზანი, რაც მხოლოდ მშვიდობიანი გზით მიიღწევა.
„რაც შეეხება რუსეთს, ეს გახლავთ დეოკუპაციის საკითხი; რაც შეეხება ოსებთან ურთიერთობას, ეს არის შერიგების საკითხი. სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ აღიარებულ იქნა რუსეთის მიერ ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპაცია. სტრასბურგში მიგდებული საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ იყო, რომელიც განწირული იყო წაგებისთვის, ისევე როგორც ჰააგაში. შეგახსენებთ, მტკიცებულებებიც კი არ ჰქონდათ მიტანილი; „ისკანდერის“ ნაწილები, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იყო, გაატანეს ამერიკელებს და 2017 წელს დააბრუნა საქართველომ. მადლობა, რომ აშშ-ის მთავრობამ დაგვიბრუნა ეს ნაწილები, რადგან მტკიცებულება იყო იმ ომის დანაშაულების, რომელიც ჩადენილი იყო. სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ ოკუპაცია დაადგინა.
ამიტომ, ერთი საკითხი გახლავთ დეოკუპაცია, მეორე საკითხია შერიგება. ჩვენ გვყავს შერიგების საკითებში სახელმწიფო მინისტრი. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? მსხვერპლი ვართ ორივე – ქართველებიც და ოსებიც. მსხვერპლი, რომ დღეს ერთმანეთისგან ვართ დაშორიშორებული. ისევე როგორც ის ომის დამნაშავეები, რომლებიც ქართველ ჯარისკაცებს აწამებდნენ და ომის დანაშაული ჩაიდინეს, არ წამოადგენენ ოს ხალხს, ისევე არ წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს. ამიტომ, რა თქმა უნდა, რაც შეეხება წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის როლს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ამაში ჩვენ ჩავეძიებით. რაც შეეხება მათ როლს, თავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლითაც მათ კონფლიქტის ახალი ეტაპი წამოიწყეს და ისინი დაეთანხმნენ ტალიავინის დასკვნას, სადაც ეს ყველაფერი წერია. ამაზე აღიარებითი ჩვენებები მიცემული აქვთ უკვე თავად „ნაციონალურ მოძრაობას“.
ვერ ხვდებით, რამხელა ჭრილობა აქვს მიყენებული ქართველ, ოსს და აფხაზ ხალხს. ჩვენ ვსაუბრობთ ხალხებზე. ურევთ თქვენ ომის დამნაშავეებს, რომლებიც მართლმსაჯულების წინაშე აგებენ პასუხს. ომის დამნაშავეებს ეძახით ოს ხალხს. ის ადამიანები კონკრეტულად არიან ომის დამნაშავეები და პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე, ისევე როგორც ჩვენ მივაღწიეთ, რომ ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერი გამოსცა მაშინდელი ე.წ. ოსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, იზოლატორის ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ასე დაისჯება ომის ყველა დამნაშავე. პრობლემა იცით რაშია? ორი დღეა, ოპოზიციური მედია, „ენჯეოები“ და ოპოზიცია ოს ხალხს ეძახიან მკვლელებს, ომის დამნაშავეებს. ამაზე მეტი შუღლის გაღვივება რა უნდა იყოს? ამას აკეთებენ „ენჯეოები“, რომლებმაც ზუსტად ასე, აღრევით, თითქოს საუბარია ომის დამნაშავეებზე და კიდევ ერთხელ სპეკულირებით და ამოფარებით ჩვენი გმირების სახელების უკან, ელემენტარულ ჭეშმარიტებებს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ. ელემენტარული ჭეშმარიტება არის, რომ არ არსებობს მიზანი იმაზე მაღალი, ვიდრე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მშვიდობიანი გზა გულისხმობს შერიგებას.
„შერიგება გულისხმობს გააზრებას, რა ჭრილობები გვაქვს ერთმანეთისთვის მიყენებული, გვგონია, რომ ერთმანეთს მივაყენეთ ან არ მივაყენეთ. გააზრება, რომ სადაც საჭირო იქნება, იქ – სინანული, სადაც საჭირო იქნება, იქ – ურთიერთშენდობა. ოპოზიცია, მისი მედია, „ენჯეოები“ შეხმატკბილებულად პროპაგანდისტულ ტალღებს აწყობენ, რათა ადამიანების ემოციებზე ითამაშონ. არა მხოლოდ ომში დაღუპული ან მონაწილეების ოჯახის წევრებზე, არამედ რიგითი მოქალაქეების ემოციებზე ითამაშონ. აღრიონ ერთმანეთში ომის დამნაშავე და ოსი ხალხი. ოს ხალხს ეძახით დამნაშავეებს? ანუ ოს ხალხთან ჩვენ არ გვაქვს არაფერი სალაპარაკო? ჩვენ არ გვაქვს საერთო ჭრილობები ოს ხალხთან ერთად? შერიგების მინისტრი არსებობს და მინისტრის პორტფელი. რატომ არის ეს ყველაფერი, თუ შესარიგებელი არაფერი გვაქვს? შერიგება როდის არის საჭირო, როდესაც საჭიროა ერთმანეთთან საუბარი, ჭრილობებზე საუბარი, სადაც საჭიროა, იქ სინანული, იქ – ურთიერთშენდობა და ა.შ.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.