შალვა პაპუაშვილი - ორგანიზაცია CEPS-ის სტატიის ავტორები წინააღმდეგობაში მოდიან თავად ორგანიზაციის კვლევებთან, სტატიაში უზუსტობებია, ეტყობა, რომ დაუდევრად არის შედგენილი
ორგანიზაცია CEPS-ის სტატიის ავტორები წინააღმდეგობაში მოდიან თავად ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებთან, სტატიაში უზუსტობებია, ეტყობა, რომ ძალიან დაუდევრად არის შედგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სტატიის შესახებ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, CEPS-ის ერთ-ერთი თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი აცხადებს, რომ სტატიას არ უერთდება და აღნიშნა, რომ მოსაზრებები, რომელიც იქ არის წარმოდგენილი, მხოლოდ ავტორების მოსაზრებებს წარმოადგენს.
„რაც შეეხება ორგანიზაცია CEPS-ს. ამ სტატიაში ახსენებენ, რომ ასოცირებული ტრიოს შორის საქართველო არის წამყვანი და ლიდერი ასოცირების შეთანხმების შესრულებით. ეს დასტურდება მათ შორის შეფასებით, რომელიც გაკეთებული აქვს თავის დროზე ამ ორგანიზაციას 2021 წლის თებერვალში.
სტატიაში, გარდა იმისა, რომ თავად ეწინააღმდეგება ამ ორგანიზაციის მიერ წარმოებულ კვლევას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ლიდერია, სტატიაშივე არის ბევრი შეცდომა, ეტყობა, რომ ძალიან დაუდევრად არის შედგენილი. მაგალითად, წერია, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოსულიყო მაისში, რათა 19 აპრილის შეთანხმება შემდგარიყო. წერია, რომ ოპოზიცია პარლამენტიდან მას შემდეგ გავიდა ბოიკოტზე, როდესაც ნიკა მელია დააკავეს. არადა ჩვენ ვიცით, რომ ოპოზიცია საბოტაჟის რეჟიმში იყო დეკემბრიდანვე, როდესაც პარლამენტი შეიკრიბა. ასეთი უზუსტობები არის და ჩანს, რომ ბევრი კუთხით დაუდევრად შედგენილია.
ჩვენ ვხედავთ, რომ სტატიის ავტორები წინააღმდეგობაში მოდიან თავად ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევებთან. თავად ამ ორგანიზაციის მკვლევარმა დღეს განაცხადა, რომ ის არ უერთდება ამ სტატიას და ეს წარმოადგენს მხოლოდ ავტორების მოსაზრებას და არა ამ ორგანიზაციის მოსაზრებას. თავად ამ სტატიაშივე არის იმდენივე შეცდომა, დაუდევრობა, რაც მე დავასახელე, თითქოს შარლ მიშელი მაისში იყო ჩამოსული, რომ 19 აპრილის შეთანხმება დაედო. რა თქმა უნდა, ამ სტატიის სხვა ასეთი პასაჟებიც არ არის ამ კუთხით სანდო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელმა თინათინ ახვლედიანმა ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა.