შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისგან, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და უცხოელი პოლიტიკოსისგან ველოდებით ბოდიშს ორ საკითხზე, სააკაშვილის თემა და სანქციები
ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე, ასევე მოველით ბოდიშს, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს გეგმა ჩაეფუშა.
„ეს უკვე მეორე დარტყმაა ოპოზიციაზე და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილზე, სააკაშვილის ყალბი პროპაგანდის ჩაფუშვის და ჩაშლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გამოააშკარავა, რომ წელიწად-ნახევარი იყო დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე ქვეყნის გარედან, თითქოს სააკაშვილის მიმართ ხდებოდა ცუდად მოპყრობა. ასევე, გუშინ საბოლოო წერტილი დაესვა უკვე ერთ წელზე მეტი ხნით მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიას როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე ქვეყნის გარედან, თითქოს ხდებოდა საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა. გუშინ ამ საკითხში ყველზე მეტად გარკვეული ადამიანები ევროკავშირის, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორები იყვნენ ჩამოსულები და მათ საჯაროდ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ხელისუფლებას იმ ინსტიტუციური სიძლიერისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ დღემდე არცერთი ფაქტი არ მომხდარა, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებულიყო ქვეყნის ტერიტორია. ასევე, დახურულ კარს მიღმაც იყო ამაზე საუბარი და ესეც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად მტრობენ საკუთარ ქვეყანას რადიკალური ოპოზიცია და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები.
გავიხსენოთ ყველა ის განცხადება, რომელიც იყო და, სამწუხაროდ, ამან დაადასტურა კიდევ ერთხელ, თუ რამდენად დეზინფორმაციული შინაარსის იყო ევროპარლამენტის რეზოლუცია. ორ რეზოლუციაში იყო მინიშნებები და პირდაპირ საუბარი, თითქოს საქართველოში ხდებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლა. სამწუხაროდ, ამხელა მასშტაბის დეზინფორმაციული პროპაგანდა იყო საქართველოს წინააღმდეგ, რომ ევროპარლამენტსაც კი მიაღებინეს ორი რეზოლუცია, რომელშიც, უბრალოდ, პირდაპირ ეწერა ტყუილი და ეს დადასტურდა გუშინ. კიდევ ერთხელ, ერთი ვთქვით სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ ველით ბოდიშს როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისგან და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, ისე ქვეყნის გარეთ ზოგიერთი პოლიტიკოსისგან, რომელიც საქართველოს აბრალებდა, თითქოს აქ ხდებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლა. ჯერჯერობით სააკაშვილთან დაკავშირებით ბოდიში ვერ მოვისმინეთ, ახლა ეს საკითხიც დაემატა, ორ ბოდიშს ვითხოვთ, ერთი, სააკაშვილთან დაკავშირებით, რომ სიყალბეს ავრცელებდნენ ქვეყნის შიგნით და გარეთ და მეორე, ასევე მოველით ბოდიშს, რომ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით ხდებოდა დეზინფორმაციის გავრცელება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.