შალვა პაპუაშვილი - ოქმებით დაიწყეს მანიპულირება, ნიადაგი რომ შეექმნათ დეზინფორმაციისთვის, სწორედ ამიტომ არ აქვეყნებს ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის შედეგებს
სამარცხვინოა, უკვე მეორედ გაეხვა სკანდალში ISFED-ი ზუსტად იმავე სახით. ოქმებით დაიწყეს მანიპულირება, ნიადაგი რომ შეექმნათ დეზინფორმაციისთვის, სწორედ ამიტომ არ აქვეყნებს ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ ISFED-ი მალავს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს.
„მეთოლოგია არის შემდეგი – პარალელური დათვლის შედეგები ქვეყნდება არჩევნების მეორე დღეს, 12:00 საათზე. ეს არის NDI-ის მეთოდოლოგია. სხვათა შორის, NDI-ის სადამკვირვებლო მისია, იცით, რომ საქართველოშია. მათ ჰქონდათ მეორე დღეს ბრიფინგი და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა პირდაპირ მიუთითა მედიას და საზოგადოებას, რომ გამოქვეყნდება პარალელური დათვლის შედეგები. ჩვენც ველოდებით და აი, ამ შედეგებით ვიხელმძღვანელებთ, თან ეს გადაამოწმებს, მათ შორის, დათვლის სანდოობას.
და რა ვნახეთ ჩვენ? გახდა 12:00 საათი, არაფერი გამოქვეყნდა, გახდა 13:00, 16:00, 20:00 საათი და დღის ბოლოს, იმის გამო, რომ ბევრი მხრიდან იქნა მოკითხული, დადეს განცხადება, რომ ზოგადად ემთხვევა, მაგრამ არ გამოვაქვეყნებთო. ზუსტად იგივე სცენარი იყო 2020 წელს. მაშინაც დაგვიანებით გამოქვეყნდა. მაშინ გამოქვეყნების 12-საათიანი ვადა დაარღვიეს და თუ არ ვცდები, 16:00 საათზე გამოქვეყნდა გაყალბებული PVT. ახლა არ ვიცი, შეიძლება, ახლაც გაყალბებული რიცხვები გამოქვეყნებულიყო და ბოლომდე ვერ წავიდნენ ამაზე, თუ არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ფაქტია, რომ მალავენ პარალელური დათვლის შედეგებს. დღეს ვნახეთ ერთი მაგალითი, რატომაც მალავს ISFED-ი ხმების პარალელური დათვლის შედეგებს, ოქმებით დაიწყეს მანიპულირება. ზუსტად ეს არის პარალელური დათვლის ამოცანა, რომ ოქმებით მანიპულირება თავიდანვე შეუძლებელი გახადონ ან შესაძლებელი გახადონ, თუკი იტყვის, რომ აცდენაა და ზუსტად ნიადაგი რომ მიეცა ამ დეზინფორმაციისთვის, არ ქვეყნდება პარალელური დათვლის შედეგები. თან ვხედავთ, რომ ამავე დროს ის ორგანიზაციები, რომლებიც ახლა უნდა იყვნენ ჩასაფრებული, რომ თუკი რაიმე დეზინფორმაცია არის არჩევნებთან დაკავშირებით, ამხილონ, არიან ჩუმად, გასუსულები, რათა მისცენ საშუალება დეზინფორმაციას, იტრიალოს მედიაში თუ სოცმედიაში, რათა გააგიჟონ საზოგადოება ფსევდომტკიცებულებებით.
ამიტომ, არ ვიცი, რა არის, მაგრამ ერთი რამ არის სათქმელი, რომ მნიშვნელოვანია, გამოქვეყნდეს. ეს იმის ბრალია, თავის დროზე რომ არ იქნა ბოლომდე გამოძიებული, რა მოხდა პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით. მაშინ, გახსოვთ, თავად პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ მათ გადაეფარათ დონორი საზოგადოება, რათა თითი არ დადებულიყო ISFED-ისთვის, ჩვენ დიდი რეაქცია არ გვქონია, მაგრამ, როგორც ჩანს, თავის დროზე უნდა გამოძიებულიყო ეს ყველაფერი და დავადგენდით, რა მოხდა, ვინ გააყალბა ეს შედეგები, რატომ აქვეყნებდნენ ერთი თვის განმავლობაში შედეგებს, რომელზეც იცოდნენ, რომ იყო ყალბი. რაც მთავარია, რატომ გვიმალავდა ISFED-ის დონორი, რომელმაც, დანამდვილებით ვიცით, იცოდა, რომ ყალბი, ცრუ რიცხვები იყო გამოქვეყნებული, რატომ გვიმალავდა ქართულ საზოგადოებას და რატომ თამაშობდა ჩვენს ნერვებზე ოპოზიცია ამ ყალბი მონაცემებით?“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.