შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციური პარტიები როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ, გაათავისუფლებენ სააკაშვილს, სანქციებს დაუწესებენ რუსეთს და შევლენ ესკალაციაში
ოპოზიციური პარტიები როგორც კი ხელისუფლებაში მოვლენ, გაათავისუფლებენ სააკაშვილს, სანქციებს დაუწესებენ რუსეთს და შევლენ ესკალაციაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ ამ არჩევნებში ისტორიული მარცხი ექნება.
„გორბის“ კვლევამ, ოპოზიციაში არსებულმა ძვრებმა და გაერთიანების მცდელობამ დაგვანახა, რომ მათ ბარიერის გადალახვის პრობლემები აქვთ. ხვდებიან, რომ არჩევნებში ექნებათ ისტორიული მარცხი. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას, სხვა რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, როდესაც მეორე მხარეს მდგარი ადამიანთა ჯგუფი ამომრჩეველს პირდაპირ ეუბნება, რომ ის იმოქმედებს არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ უცხოეთის დავალებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიციური ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციის პირობების შესრულებას დაიწყებენ.
„დღესაც ჩემი ბრიფინგის თემა არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც პირველად ღიად არის მოთხოვნილი, დავუწესოთ სანქციები რუსეთს. სწორედ ამას შეასრულებენ უპირველესად ეს პარტიები. ამას ამბობენ, როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, ერთ გრამ ძალაუფლებასაც თუ ჩაიგდებენ ხელში, დაუწესებენ სანქციებს რუსეთს, შევლენ გამწვავებაში და ესკალაციაში. რეზოლუციაში წერია, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამას გააკეთებენ ეს ძალები, თუკი მოვლენ ხელისუფლებაში, დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ასიათასობით საქართველოს მოქალაქის ციხეებში გატარების და ასობით ადამიანის წამების სისტემის ორგანიზატორია.
რა თქმა უნდა, ის მხარდაჭერა და პროცენტები, რომლებიც მათ აქვთ, ესეც კი გასაკვირია. როგორ შეიძლება, ხმას აძლევდე პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც აგინებენ ეკლესიას, რომლებიც მხარს არ უჭერენ ოჯახური ღირებულებების კანონს და არიან მომხრე ლგბტ პროპაგანდის. როგორ შეიძლება, ხმას აძლევდე იმ ძალას, რომელიც ამბობს, რომ მზად არის, საქართველო შეიყვანოს ომში, როგორ შეიძლება, საერთოდ ერთი ხმაც კი აიღონ ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.