შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციისგან რაც ნახა მოსახლეობამ ბოლო წელიწად-ნახევარში, რომ სტატუსი არ მოენიჭებინათ, ყველა ეს ბრძოლა ქართველ ხალხთან და ისტორიასთან წააგეს
„ქართული ოცნების“ ამ გუნდმა ამ ქვეყანას მოუტანა ასოცირების შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, და კანდიდატის სტატუსი, როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის შემდეგ ვინმემ თქვას, რომ ამ გუნდს გამარჯვების დიდი შანსები არ აქვს, იმაზე იზრუნოს ოპოზიციამ, რომ რაიმენაირად პარლამენტის გარეთ არ დარჩეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას მომავალ წელს ექნება ძალიან ადვილი არჩევანი.
„ის, რაც ნახა საქართველოს მოსახლეობამ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როგორ ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ომისკენ, როგორ ექაჩებოდა საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ, როგორ აატალახეს სხვადასხვა კაბინეტები, რათა საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი, ყველა ეს ბრძოლა ოპოზიციამ ქართველ ხალხთან და საქართველოს ისტორიასთან წააგო. 15 დეკემბერს, პარასკევს, როდესაც სხდომა იყო პარლამენტში კანდიდატის სტატუსის მონიჭებიდან მეორე დღეს, ვნახეთ მომტირალი ოპოზიცია, რომელთა უმეტესობა არც გამოცხადდა სხდომაზე. ასე რომ, საქართველოს მოსახლეობას მომავალ წელს ექნება ძალიან ადვილი არჩევანი არჩევნების დროს, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ეს კითხვა ეკუთვნის მას, მისი გადასაწყვეტია, უნდა იყოს პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, ეს მისი გადასაწყვეტია რას გააკეთებს და რომელ სფეროში იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ „სხვა გუნდით დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში“, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ამას გამორიცხავს.
„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ყველა ამ წარმატებებს, მიუხედავად იმისა, რომ არის სპეკულაცია, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებების კარნახი ხდება კულისებს მიღმა. მაინტერესებს, რომელი გადაწყვეტილება იყო ისეთი, რომელსაც „ქართული ოცნებისგან“ არ მოელოდა ოპოზიცია თუ ზოგიერთი კომენტატორი და, რომელსაც სჭირდებოდა კარნახი გარედან; რომელი გადაწყვეტილებაა, რომელიც რამენაირად ნეგატიურად აისახა საქართველოზე. სხვა გუნდით გამორიცხულია, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი გუნდია, პოლიტიკური ორგანიზაციაა. როდესაც ის დაბრუნდა წინა ჯერზე პოლიტიკაში, სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო. რაც შეეხება პოლიტიკასთან მის კავშირს, ეს არის მისი გადასაწყვეტი და კითხვები, რომელიც მას უნდა დაუსვათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.