შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის სახით გვაქვს პოლიტიკური აჯაფსანდალი, იმისი თავიც არ აქვთ, მთავრობა დააკომპლექტონ ისე, როგორც ამომრჩეველი ეტყვით, ინსტრუქციებით მოქმედებენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები მოქმედებენ, როგორც მარიონეტები, ინსტრუქციების მიხედვით და სწორედ ამიტომ ქართველი ხალხისთვის ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელებასაც ვერ ბედავენ.
„ოპოზიციის სახით გვაქვს პოლიტიკური აჯაფსანდალი, რომელსაც იმისი თავიც კი არ აქვს, მთავრობა დააკომპლექტოს ისე, როგორც ამომრჩეველი ეტყვის. საერთო ჯამში, არიან მარიონეტები და მოქმედებენ, როგორც მარიონეტები. წარმოგიდგენიათ, პარტიები არიან, არჩევნებში მონაწილეობენ, მათი მიზანია, რომ არჩევნებში გაიმარჯვონ თუ ჰქონდეთ რაღაც მხარდაჭერა და იმასაც კი ვერ ბედავენ, თქვან, ვინ არის მათი მთავრობის შემადგენლობა. ამასაც კი ვერ ბედავენ, ვინაიდან დამოკიდებული არიან იმაზე, რა ინსტრუქციას მიიღებენ. ინსტრუქცია მიღებული აქვთ, უკვე დიდი ხანია და სინამდვილეში ეს ე.წ. ტექნიკური მთავრობაც მათთვის, დიდი ხანია, ცნობილია. უბრალოდ, ვერ ბედავენ ამის თქმას ქართველი ხალხისთვის, რადგან ამ მომენტში უკვე მათი მომხრეებიც კი მიხვდებიან, რა აჯაფსანდალთან აქვთ საქმე. როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს ჩააბარო ერთი იოტა ძალაუფლებაც კი, ხალხი, რომელიც ეუბნება თავის ამომრჩეველს, რომ მოდის არა იმისთვის, რომ მათი ინტერესი გაატარონ, არამედ იმისთვის, რომ დაელოდება ინსტრუქციას, რას ეტყვიან გარედან, ვინ იყოს პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ვინ იყოს კულტურის მინისტრი. ასე რომ, ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე. პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ არჩევანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომლის დაპირებაც არის, რომ ჩამოაყალიბებენ მარიონეტულ ხელისუფლებას, რომელიც იმოქმედებს უცხო ქვეყნების დაკვეთით, მითითებებით, ჩვეულებრივად გვთავაზობენ მარიონეტული ხელისუფლების არჩევას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატისა და ტექნიკური მთავრობის არჩევნებამდე დასახელება გადაიფიქრა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრემიერობის კანდიდატი ჰყავს, თუმცა ანგარიშს უწევს ოთხ ოპოზიციურ პარტიას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს საკითხი არჩევნების შემდეგ უნდა გადაწყდეს.