შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ბევრი ტერმინი გააუფასურა, სერიოზულად თვითონაც არ ეკიდებიან ბოიკოტს, პერმანენტულიც მუდმივობიდან რაღაც ერთწუთიან აჟიოტაჟად გადაიქცა
რადიკალური ოპოზიცია ახერხებს, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც კი დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ და დაგეგმილ აქციებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის გამო ოპოზიცია საზოგადოებისგან პასუხს იღებენ.
„სერიოზულობას უკვე კარგავს ყველაფერი. ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა ძალიან ბევრი ტერმინის გაუფასურება მოახდინა. ხედავთ, რომ თვითონაც არ ეკიდებიან სერიოზულად ბოიკოტს, გააუფასურეს უკვე საერთოდ ამ პოლიტიკური აქტის მნიშვნელობა. სიტყვა პერმანენტულმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მუდმივობიდან გადაიქცა რაღაც ერთწუთიან აჟიოტაჟად. ერთადერთი, რასაც ახერხებს რადიკალური ოპოზიცია არის, რომ გააუფასუროს ყველაფერი, რაც დემოკრატიული ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. შედეგი, საბოლოო ჯამში, ეს არის და, საბოლოოდ, პასუხს იღებენ საზოგადოებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.