შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურად თუ აზრობრივად დაშორდა ყველაფერ ქართულს, მათთვის გამაღიზიანებელია, როცა საუბარი არის ქართულ ეკლესიაზე, ტრადიციებზე, ძალიან საშიში ტენდენციაა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურად თუ აზრობრივად დაშორდა ყველაფერ ქართულს, მათთვის გამაღიზიანებელია, როცა საუბარი არის ქართულ ეკლესიაზე, ტრადიციებზე, ძალიან საშიში ტენდენციაა

გუშინდელ აქციაზე იყო ხალხი გამოსული, რომელიც საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე ფიქრობს. საქართველოს სიყვარულის გარდა, მგონი, არაფერზე იყო საუბარი. გამოდის, რომ საქართველოზე საუბარი ნიშნავს ანტიდასავლელობას და პრორუსულობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რესპუბლიკის მოედანზე გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, როგორც კი ვინმე საუბრობს ეროვნულ ინტერესებზე, ოპოზიციის მხრიდან მიმდინარეობს იარლიყების მიწებება, თითქოს ეს არის ანტიდასავლური.

„ამით თავის ლოზუნგებს უარყოფენ, როცა ამბობენ, მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელიო. ეს არის ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენს ოპოზიციას და გარკვეულ აქტივისტებს სამოქალაქო საზოგადოებაში აქვთ. ვფიქრობ, პოლიტიკურად თუ აზრობრივად დასცილდნენ ყველაფერ ქართულს. მათთვის რაღაცნაირად უკვე გამაღიზიანებელია, როდესაც საუბარი არის საქართველოზე, ქართულ ეკლესიაზე, ტრადიციებზე. ვფიქრობ, ძალიან საშიში ტენდენციაა და მნიშვნელოვანია, რომ ჩაუფიქრდნენ. ჩვენს ოპოზიციას უკვე დიდი ხანია, საკუთარი პოლიტიკური ლექსიკონიდან ამოღებული აქვს ეროვნული ინტერესი, როგორც ტერმინი. საუბრობენ რაღაც გლობალურ თემებზე, ლიდერებად აღიარებენ სხვა ქვეყნის ლიდერებს, დააკვირდით თუნდაც ოპოზიციის ან სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს, მათთვის ლიდერები და მაგალითები არიან სხვა ქვეყნებში, ხან სენატორები, ხან კონგრესმენები, ხან სხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრეზიდენტის მრჩევლები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო პოლიტიკას, პაპუაშვილის თქმით, ამაზე „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის ქვეყნის მიზანი.

„„ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს საქართველოს და ნატო-ს შორის ურთიერთობა არის ყველაზე მჭიდრო. საქართველო იყო ყველა საერთაშორისო მისიაში ერთ-ერთი მოწინავე. სხვათა შორის, ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რომლებიც დღეს გულში მჯიღს იცემენ და მილიტარისტულად საუბრობენ, არ იყვნენ ისე წარმოდგენილი იმ საერთაშორისო მისიებში, თუნდაც ავღანეთში, როგორც საქართველო. რაც შეეხება საქართველოს დამოკიდებულებას სამხედრო ალიანსებთან და საერთაშორისო გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფის სტრუქტურებთან, ამასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს. ერთადერთი, რაც აცილებს საქართველოს ნატო-ში წევრობას, არის თავად ნატო-ს გადაწყვეტილება. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველო ყველაზე მჭიდრო ურთიერთობაში არის ნატო-სთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.