შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილი ბოლო შტურმის ეტაპზეა, ცდილობენ, რამენაირად ჩაშალონ სტატუსის მონიჭების პროცესი, ნაწილი ცდილობს, მალე გადმოხტეს ანტიქართული ორგანიზაციების გემიდან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო შარშან, ივნისშიც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იყო ლიდერი მაშინაც და დღესაც რჩება ლიდერად უკრაინასთან, მოლდოვასთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან შედარებით.
„ლიდერისთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება არ იყო სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება. ამიტომ ყოველი დღე მას შემდეგ, როდესაც საქართველოს არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, იყო უსამართლობის დღე. შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მონიჭება, უპირველეს ყოვლისა, იქნებოდა ამ უსამართლობის აღმოფხვრა. თუმცა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ევროკავშირზე და მის შეხედულებებზეა. ჩვენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მაქსიმალური გავაკეთეთ, რათა ყველა რეკომენდაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი საქართველოს წინაშე, განგვეხორციელებინა. ეს მიმდინარე პროცესია. ჩვენ ბოლო ორი თვის განმავლობაში გვქონდა ასევე აქტიური თანამშრომლობა ევროკომისიასთან. ნახეთ, რომ იმ აჟიოტაჟს, რომელიც რამდენიმე ოპოზიციონერმა და „ენჯეომ“ ატეხეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, როგორ გაეცა პასუხი ევროკავშირის ელჩის მხრიდან, იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ მჭიდრო კომუნიკაციით და თანამშრომლობით იქნა შემუშავებული ეს ცვლილებები. შესაბამისად, ეს თანამშრომლობა და პოზიტიური დინამიკა გვაძლევს იმედს, რომ შეფასებაში იქნება ბევრი პოზიტიური დამოკიდებულება ჩვენ მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში იქნება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობდნენ, ყველანაირად ჩაეშალათ პროცესი.
„რაც შეეხება ოპოზიციის და რამდენიმე „ენჯეოს“ დამოკიდებულებას, ვხედავთ, ისინი ხვდებიან, რომ საქართველოს ისტორიის არასწორ მხარეზე იდგნენ ამდენი ხნის განმავლობაში, ცდილობდნენ, ყველანაირად ჩაეშალათ პროცესი. შეგახსენებთ, როგორ ვითარდებოდა ეს ყველაფერი, დაწყებული ბოიკოტიდან სამუშაო ჯგუფების მიმართ, პარალელური პროცესების დაწყება, შემდეგ კანონპროექტების შემუშავებაში არმონაწილეობა, ხმის არმიცემა იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა მოიწონა. მაგალითად, სახალხო დამცველის არჩევა, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ ნაწილი, პირდაპირ ზეწოლას ახდენდნენ პარლამენტის წევრებზე, რომ ხმა არ მიეცათ ლევან იოსელიანისთვის, ნახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა მოიწონა, იგივე ხდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევისას. ამიტომ, რასაც ვხედავთ, არის, რომ ნაწილი ოპოზიციისა ბოლო შტურმის ეტაპზეა, ცდილობენ, რამენაირად ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი, ნახეს რა პოზიტიური განწყობა; არის ნაწილი, რომელიც ხვდება, რომ გარდაუვალია ან დიდი ალბათობაა კანდიდატის სტატუსის მონიჭების და ახლა ცდილობენ, რამენაირად მალე გადმოხტნენ იმ გემიდან, რომელშიც ისინი ძალიან კომფორტულად იყვნენ წელიწად-ნახევარი, ანტიქართული ორგანიზაციების გემიდან და, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად შეახტნენ იმ მატარებელს, რომელსაც ქართველი ხალხის ევროპული მატარებელი ჰქვია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.