შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილი არ გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით, ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დიდად არც აქამდე გამოირჩეოდა აქტიური საპარლამენტო საქმიანობით.
„მათ თითქმის ერთი წელი, სულ მცირე, ნახევარი წელი დაკარგეს დასაწყისში, როდესაც ბოიკოტში იმყოფებოდნენ და არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით. სხვათა შორის, ალბათ საზოგადოებას ახსოვს, შარშან, წლის ბოლოს საჯაროდაც გავახმოვანეთ, რომ არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო 70 000 ლარის ხელფასი დაექვითა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც შემდეგ პარლამენტის მხრიდან ქველმოქმედებაში დაიხარჯა. ესეც გვაჩვენებს, როგორ არის რიცხვში ასახული ოპოზიციის პასიურობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
პაპუაშვილის თქმით, ერთია, რომ ოპოზიციის ნაწილმა საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა, თუმცა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მიმდინარე საკითხების განხილვას ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
„დღეს პირველი სხდომა იყო პარლამენტის საგაზაფხულო სესიის და ერთია, რომ ნაწილმა ბოიკოტი გამოაცხადა, თუმცა მეორე ნაწილი იმყოფებოდა სხდომათა დარბაზში დასაწყისში, პოლიტიკური განცხადებები სადაც კეთდება და გამოდის მათი ე.წ.დედლაინები. მიმდინარე დღის წესრიგზე გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საკითხი იყო პარლამენტის კომიტეტების წინა წლის ანგარიშის მოსმენა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოხსენებას, რომელიც საუბრობდა, რა გააკეთა პარლამენტმა ინტეგრაციისთვის, არ ესწრებოდა ოპოზიიიდან არცერთი წევრი. ყოველ ჯერზე გვესმის პრეტენზიები ინტეგრაციის კუთხით და როცა არის მომენტი, რომ მათ მოისმინონ, კითხვა დასვან, შევიდნენ ამ საკითხში დებატებში, არც კი ესწრებიან ასეთ განხილვებს. ამიტომ ეს სამწუხარო რეალობა გვაქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი აბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობას შეუძლია, მიიღოს კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას და ამ მხრივ შეფერხება არ არის.
„რაც შეეხება მომავალს, საპარლამენტო უმრავლესობას აქვს საპარლამენტო უმრავლესობა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. ამიტომ ამ მხრივ შეფერხება არ გვაქვს. ჩვენ, ერთი მხრივ, გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი არის ერთ-ერთი ის ინსტიტუტი, რომელიც ყველაზე გამჭვირვალედ მოქმედებს და ჩართულობის მაღალი ხრისხია, ყველას აქვს შესაძლებლობა, იყოს მონაწილე ამ პროცესებისა, ამავე დროს, თვითკრიტიკულებიც ვართ ბევრ საკითხში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიის შედეგად მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილებები.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია აქ იქნებოდა დიდი დამხმარე, რომ იყოს აქტიური, მაგრამ მათი აქტიურობის გარეშეც, პარლამენტი არის ქმედუნარიანი. ვიტყოდი, რომ ახლა მნიშვნელოვანი არის განსაკუთრებით შემდეგი წელიწად-ნახევარი სწორედ ოპოზიციისთვის და განსაკუთრებით იმ ნაწილისთვის, რომელსაც, ერთი მხრივ, არ უნდა, იყოს რადიკალური დღის წესრიგის ნაწილი, თუმცა იძულებულია, გარკვეულწილად აჰყვეს ხოლმე „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინაიდან არიან ჯერ კიდევ პატარები და სუსტები. ისინი კი, სამწუხროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ პერიოდს იყენებდნენ, რათა აჩვენონ თავის ამომრჩეველს, რატომ უნდა მისცენ მათ ხმა მომავალ არჩევნებზე და ამით გაძლიერდნენ, დაარწმუნონ უფრო მეტი მოქალაქე, რომ ხმა მისცენ, ისინი მაინც ხანდახან და რიგ შემთხვევაში ყვებიან ამ დღის წესრიგს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.