შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ინტერესია, ცესკო-ს ჰყავდეს დროებითი ხელმძღვანელი ან წევრები, რათა ამით მეტი ზიანი მიაყენონ 2024 წელს არჩევნებისადმი ნდობას, რადიკალურ დღის წესრიგს არ დავუშვებთ
ოპოზიციის ინტერესია, ცესკო-ს ჰყავდეს დროებითი ხელმძღვანელი ან წევრები, რათა ამით მეტი ზიანი მიაყენონ არჩევნების მიმართ ნდობას 2024 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ჩიხიდან გამოსვლა და მმართველი გუნდი რადიკალურ დღის წესრიგს არ დაუშვებს.
„ფაქტია, რომ ამ სისტემამ მიგვიყვანა ჩიხამდე, რაზეც ჩვენ თავის დროზე ვსაუბრობდით. საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსვლა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ცესკო იყოს სრულად და სრულყოფილად, სრული ვადით დაკომპლექტებული წევრებისგან შემდგარი. ოპოზიციაში, პირიქით, ინტერესია, რომ ზუსტად დროებითი ხელმძღვანელი ან წევრები ჰყავდეს ცესკო-ს, რათა ამით უფრო მეტი ზიანი მიაყენონ არჩევნების მიმართ ნდობას 2024 წელს. ჩვენი პასუხისმგებლობაა, ასეთი მიდგომები არ დავუშვათ. ოპოზიცია ყოველდღე გვიდასტურებს, რომ რადიკალურ დღის წესრიგს მიყვებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ რადიკალურ დღის წესრიგს არ დავუშვებთ, ჩიხიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს. არ გაამართლა ექსპერიმენტმა, რომელიც თავის დროზე ჩატარდა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით კიდეც, რომ საერთაშორისო პრაქტიკის ყველანაირ პრეცედენტს იყო აცდენილი. შესაბამისად, ეს ექსპერიმენტი უნდა დასრულდეს“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.