შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ერთადერთი პრეტენზიაა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატების გამოცდილება უკავშირდება ცესკო-ს, რაც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფაა
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ფარისევლობაა, როცა ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსენსუსზე საუბრობს, რადგან მათი პოზიცია იყო, რომ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერდნენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს პაპუაშვილმა განუცხადა, ოპოზიციის ერთადერთი პრეტენზიაა, რომ თავმჯდომარეობის კანდიდატების გამოცდილება უკავშირდება ცესკო-ს. შალვა პაპუაშვილის თქმით, ამგვარი ქმედება საჯარო მოხელეების შეურაცხყოფაა.
პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპონენტები 19 აპრილის შეთანხმებას არღვევენ.
„ოპოზიცია ორივე კანდიდატურას იწუნებს და მხარს არ უჭერს. თუ არც ერთ კანდიდატურას მხარს არ დავუჭერდით, ცესკო-ს ვერ დავაკომპლექტებდით, მით უმეტეს, თავმჯდომარეს. ასეთ შემთხვევაში, რას ვიღებდით? – ცესკო-ს თავმჯდომარის მოვალეობას ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილე შეასრულებდა. ეს არის ფარისევლობა, რაზეც ისინი საუბრობენ. სინამდვილეში, გეგმაა, რომ ოპოზიციური მოადგილე ყოფილიყო, რომელიც თავმჯდომარის მოადგილეს შეასრულებდა. ოპოზიციის ერთადაერთი პრეტენზიაა, რომ კანდიდატების გამოცდილება უკავშირდება ცესკო-ს, რაც შეურაცხყოფაა საჯარო მოხელეების. გამოდის, რომ ეს არის საარჩევნო მოხელეების მიმართ დამღის დადება, რომ თითქოს, მათ მიმართ ნდობა არ არსებობს. ჩვენი ოპონენტები 19 აპრილის შეთანხმებას არღვევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისთვის არჩეული გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი სანტურიანის კანდიდატურები ჩავარდა. მეოთხე კენჭისყრა 2 აგვისტოს გაიმართება.