შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ერთ ნაწილს სითამამე აკლია, ხმები ისმის, რომ მათ პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა მოქცეულნი არიან სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ
ფასილიტაციისა და მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“. ჩვენი ოპონენტების მხრიდან საპირისპიროს ვხედავთ. ისინი კომპრომისად იმას განიხილავენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საერთოდ დასხდნენ, რაც არასერიოზულია, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია ულტიმატუმს აყენებს ორ საკითხზე – პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
„როგორც ჩანს, კრისტიან დანიელსონი საქართველოს კვლავ ეწვევა მედიატორის რანგში. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი საქართველოს ყურადღებას აქცევს და მნიშვნელოვანია, ქვეყანაში პროცესები დემოკრატიულ ჭრილში მიმდინარეობდეს, პარლამენტმა სრულად ფუნქციონირება შეძლოს ოპოზიციასთან ერთად. ჩვენ იმედს ვამყარებთ საკუთარ თავზე, რადგან ვიცით, რა შეთავაზებები გვაქვს გაკეთებული. ფასილიტაციისა და მოლაპარაკებების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული იყო „ქართული ოცნება“. ჩვენი ოპონენტების მხრიდან საპირისპიროს ვხედავთ. ისინი კომპრომისად იმას განიხილავენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან საერთოდ დასხდნენ, რაც არასერიოზულია. ასევე, ულტიმატუმს აყენებენ ორ საკითხზე – პატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით. დღეს მოვისმინე, რომ ოპონენტების ტონი შერბილებულია. იმედია, უფრო რეალურად შეხედავენ სიტუაციას და გამოვლენ ქვეყნის ინტერესებიდან და არა პარტიული. ჩვენს ოპონენტებში სხვადასხვა მოტივაციაა – არის გარკვეული ჯგუფი, რომელსაც არ სურს, მოლაპარაკებები იყოს წარმატებული და უნდათ, რამენაირად, პრობლემა შეუქმნან ქვეყანას, მათ შორის საერთაშორისო იმიჯს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელსაც გადაწყვეტილებებში სითამამე აკლია.
„ოპონენტების ამ ნაწილისგან რაიმე კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ ველოდები, თუმცა როგორც ჩანს, მეორე ნაწილია, რომელსაც გადაწყვეტილებაში სითამამე აკლია. ხმები ისმის, რომ მათ პარლამენტში შესვლა სურთ, თუმცა გარკვეულწილად, მოქცეული არიან სხვა ჯგუფის გავლენის ქვეშ. ამ ჯგუფს მოვუწოდებ, თამამი გადაწყვეტილება მიიღონ, როგორიც „მოქალაქეებმა“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მიიღეს. პირდაპირ ამბობს „გირჩი“, რომ შემოსვლა სურს, ვერ ვხვდები, მათი მიზეზი რა არის, რატომ არ შემოდიან. „რესპუბლიკელებს“ აქვთ განწყობა პარლამენტში შემოვიდნენ. აქ სითამამეც არ არის საჭირო, რადგან მათი ვალდებულებაა ის მანდატი განახორციელონ, რაც ამომრჩეველმა მიანიჭათ. იმის გათვალისწინებით, რომ არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც მოლაპარაკებების კონსტრუქციულობას ხელს უშლის, როგორც ჩანს, თამამი გადაწყვეტილებები საჭიროა. დრო დადგა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა პარტიული თუ პირადი შიშებიდან გამომდინარე. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და პატივი სცენ, მოქალაქეების გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.