შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის აქციებზე იყვნენ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან კეზერაშვილის, რუსეთის, ზოგიერთი ევროპული ფონდის მხრიდან, ამ ჯგუფების ამოცანა არის დესტაბილიზაცია
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის აქციებზე იყვნენ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან კეზერაშვილის, რუსეთის, ზოგიერთი ევროპული ფონდის მხრიდან, ამ ჯგუფების ამოცანა არის დესტაბილიზაცია

ოპოზიციის აქციებზე არ იყო სახალხო პროტესტი, იყვნენ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც სხვა დროსაც გამოირჩევიან ასეთი ქმედებებით, ეს ჯგუფები ფინანსდებიან კეზერაშვილის, რუსეთის, ზოგიერთი ევროპული ფონდის მხრიდან, რომელთა ამოცანაა ქვეყანაში დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და ასევე ევროპულ მისწრაფებებს.

„სინამდვილეში რასთან გვქონდა საქმე. ეს არ იყო სახალხო პროტესტი, იყვნენ ჩვეულებრივი აგრესიული ჯგუფები, რომლებიც სხვა დროსაც გამოირჩევიან რადიკალიზმით და ასეთი ფორმებით. სამწუხაროა, რომ ამაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან კეზერაშვილის, რუსეთის, ზოგიერთი ევროპული ფონდის მხრიდან. საბოლოო ჯამში, არიან აგრესიული ჯგუფები, რომელთაც აქვთ ერთადერთი ამოცანა – დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რაც ეწინააღმდეგება როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ასევე ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ამიტომ, ყველა, ვინც ამ ჯგუფებშია და ამ ქმედებებით არის დაკავებული, ყველა, ვინც აფინანსებს, ატრენინგებს და ვნახეთ, რომ იარაღის ტრიალში ამეცადინებენ ამ ხალხს, ყველა ეს ორგანიზაცია, ადამიანი თუ ქვეყანა, საერთო ჯამში, ხელებს აფათურებს საქართველოს უსაფრთხოებაში. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ ეს შეაფასოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შარშან რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებისა და საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით ისტერიული კამპანიის მიზანი ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო.

„ჩვენი ეს ტალღაც გავიარეთ რამდენჯერმე. გახსოვთ, შარშან, როდესაც ზუსტად იმავე ჯგუფებმა ხელოვნურად შექმნეს თემები – სავიზო რეჟიმის დაწესება, საზღვრის ჩაკეტვა. თავის დროზე ეს თემა განიხილა საზოგადოებამ და თავისი ვერდიქტი გამოიტანა, რომ არანაირი სავიზო რეჟიმის დაწესება არ უნდა მოხდეს. ბოლოს ოპოზიციამაც აღიარა. ამ ისტერიული კამპანიის მიზანი მაშინ ქსენოფობიური განწყობის შექმნა იყო. ამაში ჩართული იყვნენ მაშინდელი სახალხო დამცველი, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალურ-პოლიტიკური ჯგუფები. ჩვენ მაშინაც ვაფრთხილებდით ყველას, რომ ეს არის ქსენოფობიისკენ ბიძგი. ჭავჭავაძის გამზირზე ერთ-ერთ ქალს, რომელსაც სლავური გარეგნობა ჰქონდა, ქვა ესროლეს. ახლაც იყო ინციდენტი, მანქანაში მიუვარდნენ ვიღაცას სლავური გარეგნობის გამო. ეს არის სწორედ ქსენოფობიის წაქეზება და მნიშვნელოვანია, ამას თავიდანვე დაერქვას სახელი. დიახაც, ასეთი მოწოდებები, ამ ანალიზის ფონზე, როდესაც ჩვენ არანაირი სანქციების დაწესებას არ ვაპირებთ და არც არის ქვეყნის ინტერესში, სწორედ უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის ფონზე მოწოდება, თითქოს რუსი ეროვნების ადამიანები არ შემოვუშვათ, არის ბიძგი ქსენოფობიისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.