შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციის ნაწილს სურს, თანამდებობის პირები არჩეული იყვნენ კვალიფიციური უმრავლესობით, ამაში არ არის თანხვედრა, გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის ხელში ეს დაბლოკვის ინსტრუმენტია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტში ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეხვედრაზე კონსტრუქციული საუბარი შედგა.
პაპუაშვილის თქმით, საკითხების უმრავლესობაზე შეთანხმება შედგა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ერთადერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციის ნაწილს თავისი პოზიცია აქვს, პარლამენტში თანამდებობის პირების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ეხება.
„შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა შეხვედრა. მიხარია, რომ, როგორც მოველოდი, კონსტრუქციული საუბარი გვქონდა. ვინაიდან მსჯელობა გაგრძელდა, დაანონსებული სამი საკითხიდან, სასამართლოებთან დაკავშირებით საკითხის განხილვა შემდეგი შეხვედრისთვის გადავდეთ. შევეცდებით, მალევე ჩავნიშნოთ ეს შეხვედრა.
საუბარი გვქონდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გაძლიერების საკითხებზე. ამ კუთხით რვა საკითხი განვიხილეთ და ყველა საკითხზე, ფაქტობრივად, შევთანხმდით. ასევე, საუბარი გვქონდა ანტიკორუფციულ ბიუროზე, სადაც 17 საკითხი იყო და 15-ზე, ფაქტობრივად, შევთანხმდით. როგორც ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ასევე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა სამსახურთან დაკავშირებით სურთ, რომ ხელმძღვანელის არჩევაში პარლამენტის მონაწილეობა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით. ამაში არ არის თანხვედრა, ამაზე საუბრობს ოპოზიციის ნაწილი. კვალიფიციური უმრავლესობა მუდმივი თემაა ოპოზიციის. სურთ, არჩევნები წააგონ და შემდეგ გადაწყვეტილებები მათ მიიღონ. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ცნობილია. კვალიფიციური უმრავლესობა რომ მახინჯი პრაქტიკაა, ეს გვაჩვენა ცესკო-ს შემთხვევამაც. რეალურად, ეს არის მცდელობა, შეიფუთოს როგორც კონსენსუსის მექანიზმი, სინამდვილეში კი ოპოზიციისთვის გადაწყვეტილების დაბლოკვის მექანიზმია. ცხადია, ამ საკითხში თანხმობა ვერ გვექნება.
გარდა ამისა, არის ერთი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია აყენებს ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო ფუნქციის მინიჭებასთან დაკავშირებით, რაც ვენეციის კომისიის პირდაპირ რეკომენდაციას არ წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ვთქვით, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, კიდევ მოხდეს დაქსაქსვა საგამოძიებო ფუნქციების. ჩვენი შეთავაზება იყო, შემოვიღოთ ადმინისტრაციული წარმოების პროცესი, რომელიც გამოკვლევის ტიპის პროცესი იქნება. ეს სჭირდება კიდეც ანტიკორუფციულ ბიუროს, რათა ქმედითი იყოს ფუნქციების განხორციელებაში – რაღაც დოკუმენტაცია გამოითხოვოს, სხვადასხვა გამოკითხვა ჩაატაროს. ამაზეც გვქონდა შეთანხმება, რომ ეს კარგი ინსტრუმენტი იქნება. ამავე დროს, შევთანხმდით ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის იმუნიტეტით აღჭურვასთან დაკავშირებით. ასევე, მსჯელობა გვქონდა მამხილების დაცვის სიტემის გაუმჯობესებაზე, ვისაუბრეთ დეკლარაციების სისტემის დახვეწასა და სხვადასხვა საკითხზე. უმეტეს საკითხზე, რაც ამ დაწესებულებების ფუნქციონირებას ეხება, თანხმობა გვაქვს. ერთადერთი საკითხი, რაზეც ოპოზიციას თავისი პოზიცია აქვს, არის ის, რომ პარლამენტში ესა თუ ის თანამდებობის პირი კვალიფიციური უმრავლესობით იყოს არჩეული. გაირკვა, რომ მთავარი ხედვა, რაც ოპოზიციას აქვს, არის არა პარლამენტის მიერ არჩევა, არამედ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა. როგორც ჩანს, ეს არის მთავარი სიკეთე, რასაც ხედავენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, სინამდვილეში, კვალიფიციური უმრავლესობა ოპოზიციის ხელში გადაწყვეტილებების დაბლოკვის ინსტრუმენტია.
„კვალიფიციური უმრავლესობა რას ნიშნავს ოპოზიციის ხელში, ეს ვნახეთ ცესკო-ს, სახალხო დამცველის არჩევის შემთხვევაში, რამდენ ხანს ბლოკავდნენ. საბოლოო ჯამში, სახალხო დამცველის არჩევის ერთადერთი გზა ის იყო, რომ ოპოზიციის წევრი ავირჩიეთ და ასე შევძელით. ოპოზიციაში ამდენი კვალიფიციური კადრი არ გვეგულება, რომ ამა თუ იმ თანამდებობაზე ყოველ ჯერზე ოპოზიციის წევრები ავირჩიოთ და მათ მიმართ მაინცდამაინც დიდი ნდობაც არ გვაქვს. უკვე დეტალურად, პუნქტობრივად გავიარეთ, შესაბამისად, კანონპროექტი დაინიცირდება მომავალ კვირას და კომიტეტებზე განხილვაზე გადავალთ, სადაც იგივე საკითხები პირველი და მეორე მოსმენის ფარგლებში იქნება განსახილველი. შევიკრიბებით შემდეგ შეხვედრაზე, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები. ჩვენ დღეს ყველა საკითხზე, მათ შორის კვალიფიციური უმრავლესობის საკითხზე, ძალიან ღია მსჯელობა გვქონდა. მყარი არგუმენტები გვაქვს, რატომაც ვამბობთ, რომ არ იქნებოდა სწორი ეს მიდგომა. გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ის, რასაც ცდილობენ, შეფუთონ, როგორც კონსენსუსის ინსტრუმენტი, სინამდვილეში, გადაწყვეტილების დაბლოკვის ინსტრუმენტია ოპოზიციის ხელში“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში ევროკავშირის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არ ესწრებოდნენ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები.