შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, მათი რჩეულები უნდა იყვნენ და მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ
ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელებს, მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ, კიდევ ერთი სამარცხვინო ეპოქაა არასამთავრობო სექტორის ისტორიაში, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის კონგრესში, საგარეო საქმეთა კომიტეტში დაგეგმილ იმ მოსმენასთან დაკავშირებულ შეკითხვას, სადაც ერთ-ერთი გამომსვლელი არის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორი ეკა გიგაური.
პაპუაშვილის თქმით, კიდევ ერთი სამარცხვინო ეპოქაა არასამთავრობო სექტორის ისტორიაში.
„ამაზე უკვე ზედმეტია რაიმე კომენტარის გაკეთება. მარტივ რამეზე მივაპყრობდი ამერიკელი კოლეგების ყურადღებას. წარმოიდგინონ, რომ ამერიკის მოქალაქე ჩადიოდეს სხვა ქვეყანაში, თუნდაც საქართველოს პარლამენტში მოდიოდეს და ამერიკის წინააღმდეგ აძლევდეს ჩვენებას. აი, ამასთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ წახალისებული და მოწონებულია ქვეყნის წინააღმდეგ წასვლა, ვფიქრობ, ეს თავისთავად უკვე ზნეობრივად არასწორი საქციელია.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ და მისი ხელმძღვანელობის ქცევას, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც, პირველ ყოვლისა, ისინი საზღვარგარეთ ატარებენ, რადგან ოპოზიციას, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ჩათვლით, სურს, რომ თავი მოაწონოს არა ქართველ ხალხს, არამედ გარეთ, უცხოელებს. მათი რჩეულები უნდა იყვნენ და მათი ლეგიტიმაცია სჭირდებათ. კიდევ ერთი სამარცხვინო ეპოქაა არასამთავრობო სექტორის ისტორიაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.