შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ეუბნებით თუ არა კვლავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ისინი ათი წელია, ცხრაჯერ ზედიზედ ირჩევენ რუსეთს და მეორე - აღიარებენ თუ არა არჩევნებს
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ეუბნებით თუ არა კვლავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ისინი ათი წელია, ცხრაჯერ ზედიზედ ირჩევენ რუსეთს და მეორე - აღიარებენ თუ არა არჩევნებს

ოპოზიცია 10 წელია, საკუთარ მხარდამჭერებს აცხოვრებს პარალელურ რეალობაში, სადაც საქართველოს მართავს რუსეთი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა კონსტრუქციულ ურთიერთობებზე, ეს არის ის გამოუვალი ჩიხი სამწუხაროდ, ვიდრე არ განაგდებთ ამ კონცეფციას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია აპირებს სიცრუეში ამყოფოს საკუთარი ამომრჩეველი და კვებოს ის საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ზიზღით.

„კითხვები ნაკლებად იყო, უფრო შეფასებები, მაგრამ სამწუხაროდ მე ამ შეფასებებშიც, გარკვეულ რემარკებშიც ვერ მოვისმინე და იმედია, თუ ისარგებლებენ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები გამოსვლის შესაძლებლობით, იქ მაინც იტყვიან, აპირებენ თუ არა უარი თქვან იმ აბსურდულ ათწლიან კონცეფციაზე, რომ ქართველი ხალხი, აგერ უკვე მეცხრე არჩევნები იყო თუ არ ვცდები, ირჩევს რუსულ პროექტს. ანუ, აპირებენ ამ სიცრუეში ამყოფონ საკუთარი ამომრჩევლები, კვებონ ისინი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მიმართ ზიზღით, პარლამენტის მიმართ ზიზღით, მთავრობის მიმართ ზიზღით, სასამართლოს მიმართ ზიზღით, ეს ზიზღი უნდა აღვივონ კიდე დარჩენილი სხვა წლები, რომლებიც მათ ექნებათ პოლიტიკაში, თუ აპირებენ, რომ უარი თქვან ამ კონცეფციაზე და ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ საბოლოო ჯამში ერთი მხრივ, პირად საუბრებში და ურთიერთობაში თითქოს თავად აქვთ პრეტენზიები, როდემდე, რანაირად და როგორ შეიძლება, არ შეიძლება, მაგრამ ეს არის ის ვირტუალური სამყარო, რომელსაც უქმნიან ისინი საკუთარ მხარდამჭერებს, რომ 2012 წლიდან ჩვენ სამშობლოს მართავს რუსეთი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ? ასეთ რაღაცებს ასე ვითომ ზედაპირულად და გაკვრით იტყვიან, მაგრამ რომ ჩავუფიქრდეთ, არსი, მთელი თაობა მათი მხარდამჭერების შვილებისა ალბათ გაიზარდა ამ აზრით. 10 წელია, საკუთარ მხარდამჭერებს აცხოვრებენ ამ პარალელურ რეალობაში, სადაც საქართველოს მართავს რუსეთი. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, რა კონსტრუქციულ ურთიერთობებზე უნდა ვილაპარაკოთ, ეს არის ის გამოუვალი ჩიხი სამწუხაროდ, ვიდრე არ განაგდებთ ამ კონცეფციას. ამიტომ, მე იმედი მაქვს რომ ამ ორ რამეს პასუხში მაინც იტყვით.

ერთი – ეუბნებით თუ არა კვლავ საქართველოს მოსახლეობას, რომ ისინი 10 წელია, ცხრაჯერ ზედიზედ ირჩევენ რუსეთს, ამას ეუბნებიან საკუთარ მოსახლეობას? და მეორე – აღიარებენ თუ არა ისინი არჩევნებს, თქვან ეს პირდაპირ და გადაჭრით, აღიარებენ თუ არა არჩევნებს. სანამ არ მოხდება ამ ორი საკითხის აღიარება, მანამდე იქნებიან ჩიხში. ეს არ ვნებს „ქართულ ოცნებას“, მაგრამ ეს ვნებს ზოგად პოლიტიკურ ატმოსფეროს, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ იქამდე, რომ მთელი პარალელური რეალობა იქმნება ამა თუ იმ მონაცემზე“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.