შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა არც კი ესახებათ, არასდროს სდომებიათ მშვიდობა, ომის პარტიის წარმომადგენლები არიან
ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა არც კი ესახებათ, არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, ომის პარტიის წარმომადგენლები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს. შერიგება კი გულისხმობს სინანულს და ურთიერთპატიებას. ეს არის გზა, რომელიც მიგვიყვანს ერთიან საქართველოსთან. გარკვეულწილად იყო სახის ჩვენება ოპოზიციის და, რაც კიდევ უფრო სკანდალურია, არასამთავრობო სექტორის, რომ, სინამდვილეში, მათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი გზა არც კი ესახებათ. შეგახსენებთ, ეს ხალხი, მათ შორის „ენჯეოების“ წარმომადგენლები უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ამბობდნენ, რუსეთი ახლა დასუსტებულია და შესაძლებლობის ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო, იარაღი უნდა ვიყიდოთ და შევვარდეთ ერთ თუ მეორე ტერიტორიაზეო. ამით აჩვენებენ, რომ, სინამდვილეში, მათ არც არასდროს სდომებიათ მშვიდობა, ისინი არიან ომის პარტიის წარმომადგენლები. საბოლოო ჯამში, ეს გვაჩვენებს, რომ ოპოზიციის და ამ „ენჯეოების“ ევროპული გზა არის გზა აფხაზებისა და ოსების გარეშე. ეს არის რეალობა, რაც ჩვენ დავინახეთ ამ პროცესის ფარგლებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.