შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას ბევრი ლოდინი აღარ დასჭირდება ოფიციალური შედეგების გაცნობისთვის, ქვეყნის წინააღმდეგ სიარულის შემდეგ, ქართველმა ხალხმა აწონა, გაზომა და ისინი უვარგისებად ჩათვალა
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას ბევრი ლოდინი აღარ დასჭირდება ოფიციალური შედეგების გაცნობისთვის, ქვეყნის წინააღმდეგ სიარულის შემდეგ, ქართველმა ხალხმა აწონა, გაზომა და ისინი უვარგისებად ჩათვალა

კარგია, რომ კენჭისყრა ელექტრონული იყო. ოპოზიციას ბევრი ლოდინი აღარ დასჭირდება ოფიციალური შედეგების გაცნობისთვის, ქვეყნის წინააღმდეგ სიარულის შემდეგ, ქართველმა ხალხმა აწონა, გაზომა და ისინი უვარგისებად ჩათვალა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს არჩევანი, მიიღებს თუ არა ქართველი ხალხის ვერდიქტს.

„ეს ყველაფერი ვნახეთ 2020 წელს, როცა ზუსტად იმავე სცენარის გათამაშება უნდოდათ. საბოლოო ჯამში, ნახეს, რეალობა რა არის. კარგია, რომ კენჭისყრა ელექტრონული იყო. მათ ბევრი ლოდინი აღარ დასჭირდებათ ოფიციალური შედეგების გაცნობისთვის, რომელიც რამდენიმე საათში იქნება. კითხვა იმაში იქნება, ამის შემდეგ რა დასკვნებს გამოიტანენ, როცა მათი ასეთი ქცევით, ჯანჯღარით, ქვეყნის წინააღმდეგ სიარულის შემდეგ, ქართველმა ხალხმა აწონა, გაზომა და ისინი უვარგისებად ჩათვალა.

ოპოზიცია ჯიუტად არ იჯერებს გამონათქვამს, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ იმედია, ახლა მაინც ცოტა დაფიქრდებიან, რადგან ყველა ხრიკი, რაც მათ ჰქონდათ, წინა წლებში გამოიყენეს – ყალბი დასკვნები, ყალბი პარალელური დათვლები. ქართველ ხალხს ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს და ამას არავინ დაიჯერებს. არჩევანი მათზეა, ან დაკარგავენ დროს და შემდეგ პუფებივით შემოვლენ პარლამენტში, ან ქართველი ხალხის ვერდიქტს ერთხელ მაინც მიიღებენ და შეეცდებიან, როგორც ოპოზიცია, პარლამენტში წარმოდგენილი იყვნენ საქმიანად. ეს მათი არჩევანია. ამას ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს.

2020 წლის პარლამენტი ისე გავიარეთ, რომ ოპოზიციამ სხდომების 40 პროცენტს ბოიკოტი გამოუცხადა, პარლამენტი მუშაობდა და ნახეთ, დღეს სად ვართ – ეკონომიკური წინსვლით ნომერ პირველი ქვეყანა ვართ, ინსტიტუციური ზრდით ნომერ პირველი ვართ, კანონის უზენაესობით ყველა კანდიდატ ქვეყანას ვასწრებთ. მომავალი პარლამენტი ორიენტირებული იქნება საქმეზე, რათა ქართველი ხალხისთვის კეთილდღეობის მაჩვენებელი გააუმჯობესოს და საქართველო ღირსეულად დაუახლოონ ევროპას“, – განუცხადა შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.