შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას არჩევნების მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია, რეგიონში არ დადიოდნენ, უკვირთ, რომ იქ, სადაც კომპაქტურად ეთნიკური ჯგუფებია დასახლებული, როგორ ვერ მივიღეთ მხარდაჭერაო
შალვა პაპუაშვილი - ოპოზიციას არჩევნების მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია, რეგიონში არ დადიოდნენ, უკვირთ, რომ იქ, სადაც კომპაქტურად ეთნიკური ჯგუფებია დასახლებული, როგორ ვერ მივიღეთ მხარდაჭერაო

ოპოზიციას არჩევნების მოგებისთვის არაფერი გაუკეთებია, არანაირი კამპანია არ უწარმოებიათ, რეგიონში არ დადიოდნენ, დელეგატები არ დაასახელეს, მერე უკვირთ, რომ, მაგალითად, იმ რეგიონში, სადაც კომპაქტურად ეთნიკური ჯგუფებია დასახლებული, როგორ ვერ მივიღეთ მხარდაჭერაო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილს დაუსვეს კითხვა, რომ ვერიფიკაციის აპარატს პასპორტის მონაცემის წაკითხვა შეეძლო, თუმცა ცესკო-მ აპარატს ეს ფუნქცია გაუთიშა და რეგისტრატორებს მონაცემები ხელით შეჰყავდათ, ოპოზიცია კი,ამაში არჩევნების გაყალბების ერთ-ერთ გზას ხედავს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ოპოზიცია ახალ არგუმენტებს ეძებს.

„ყოველდღე შემიძლია, ბრიფინგები ვატარო და პლაზმა ეკრანზე წარვადგინო ის ტყუილები, რომლებსაც ოპოზიცია და მათი „ენჯეოები“ ავრცელებენ. მათი ტყუილების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. დავიღალეთ, რომელ ერთს ვუპასუხოთ. ცესკო-ში ხომ იცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. აპარატი როგორი უნდა ყოფილიყო, ცესკო წყვეტდა და ცესკო-ში ოპოზიციის წარმომადგენლები არიან ბატონი სიორიძე, რომელიც „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრია. იქ ხომ იყო, მე რატომ მისვამთ კითხვას, მათ დაუსვით, როგორი აპარატი შემოიტანეს და როგორი – არა. რა აპარატი იყო რეგისტრატორი და რა აპარატი იყო მთვლელი, ეს ხომ ვიცით. უკვე ხუთი წელია, ასეთი აპარატით მეექვსე არჩევნებს ვატარებთ, ასეთი რეგისტრატორებით, ფურცლებითა და ასეთი ფლომასტერებით. ზუსტად იმ მეთოდით ჩატარდა, რა მეთოდიც იყო გამოყენებული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობა აქვს.

„არჩევნების მოგებისთვის საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, არანაირი კამპანია არ უწარმოებიათ, რეგიონში არ დადიოდნენ, დელეგატები არ დაასახელეს, მერე უკვირთ, რომ, მაგალითად, იმ რეგიონში, სადაც კომპაქტურად ეთნიკური ჯგუფებია დასახლებული, როგორ ვერ მივიღეთ მხარდაჭერაო. იმ რეგიონის წარმომადგენელი სიაშიც კი არ ჰყავდათ და მხრები აიჩეჩეს. სინამდვილეში, მთავარი საკითხი არის, რომ გაყალბებაზეც ვერ საუბრობენ, უნდათ თქვან, რომ ჩატარდა ფოკუსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.