შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვს პარლამენტში სამუშაოდ, რომელშიც არ დადიან, ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში
ოპოზიცია წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვს იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან, ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიებისგან და ოპოზიციონერი დეპუტატებისგან პარლამენტში წერილები შევიდა, სადაც აღნიშნავენ, რომ სხდომაზე დასწრებაზე უარს აცხადებენ.
„გვაქვს სხდომაზე არდასწრების წერილები. კერძოდ, მოგვმართავს „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, რომ დღევანდელ სხდომას არ დაესწრებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაესწრება, ასევე არ დაესწრებიან გრიგოლ ვაშაძე, თამარ კორძაია, თამარ ჩარკვიანი, პარტია „მოქალაქეებიც“ გააცდენენ, დავით ბაქრაძეც არ იქნება. ასევე არმაზ ახვლედიანი მოგვაკლდება დღეს, „ევროოპტიმისტებიც“ ამჯობინებენ, რომ არ იმუშაონ. მოკლედ, მეტ-ნაკლებად ოპოზიცია არ მუშაობს. წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, რომელშიც ისინი არ დადიან. ცოტა გაუგებარია, როგორ ჯდება ეს ლოგიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.