შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია როგორც 2020 წელს პუფებით შემოვიდა პარლამენტში, ახლაც ზუსტად ასე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან შემოვლენ, ეს კინო ნანახი აქვს ქართველ ხალხს
ოპოზიციას ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონია, ისეთ ტყუილებს ამბობენ, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური, ძალიანაც კარგად იქნება ლეგიტიმური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტი იკრიბება და 150 დეპუტატის უფლებამოსილებას 76 ხმით ცნობს.
„ოპოზიციას ქართველი ამომრჩეველი სულელი ჰგონია, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა ითქვას. ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი და ნამსჯელი აქვთ 2020 წელს და პასუხიც აქვთ გაცემული. ისეთ ტყუილებს ამბობენ, რომ თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური. ძალიანაც კარგად იქნება ლეგიტიმური. პარლამენტი იკრიბება და 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას. „ქართულ ოცნებას“, ამ მონაცემით, თუ არ ვცდები, 89 მანდატი ერგება. ასევე, როგორც 2020 წელს ასე შეიკრიბა საქართველოს პარლამენტი, ცნობს პარლამენტის უფლებამოსილებას, გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა და ოპოზიციას, როგორც მაშინ პუფებით შემოვიდნენ პარლამენტში, ზუსტად ასე პუფებივით დალაგდებიან და ადრე თუ გვიან შემოვლენ პარლამენტში. ეს კინო ხომ ნანახი აქვს ქართველ ხალხს.
ერთადერთი, რაც მათმა ქმედებებმა შეიძლება, მოიტანოს, არის კვლავ მღელვარება, კვლავ ძალადობა მათი მხრიდან, რაც მაშინაც ვნახეთ, ბევრჯერ ვნახეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ აჰყვება ამ მატყუარებს, ცილისმწამებლებს და სხვათა ინტერესებით მოქმედ ხალხს, რომლებიც 2020 წლის პუფების სცენარს იმეორებენ, ბოლოს შემოლაგდებიან მშვენივრად და იმ ხელფასებსაც აიღებენ პარლამენტში, და ნახავთ, თუ არ აიღებენ, შემოლაგდებიან კიდევაც. ერთადერთი, რაც დარჩება, დარჩება ის ისტერია, რასაც ახლა თესავენ და ის ძალადობა, რომელსაც ისინი აპირებენ, როგორც ყოველთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.